,,კარფურის“ ერთ-ერთ ფილიალში, როგორც „გურია ნიუსს“ თვითმხილველმა აცნობა, ხანდაზმულ ქალბატონზე ფსიქოლოგიურად ძალადობდნენ. კერძოდ, მაღაზიის და დაცვის სამსახური ,,მაგისტრის“ თანამშრომლები ხანდაზმულ ქალბატონს დასცინოდენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და თან ტელეფონით იღებდნენ. თვითმხილველის თქმით, როცა თავად და მაღაზიის სხვა მომხმარებლები თანამშრომლებს მოუწოდებდნენ, შეეწყვიტათ ქალბატონის შეურაცხყოფა, თანამშრომლები აგრესიულად განეწყვენ და ამბობდნენ, რომ ქალბატონი მაღაზიას პრობლემას უქმნის, რადგან არის აგრესიული. „მაღაზია არაა კათარზისი, წაეთრიოს და სხვაგან გაყიდოს ყვავილები“, _ ამბობდნენ ისინი, თუმცა ჩვენი წყაროს თქმით, ასაკოვანი ქალბატონი იმ დროისთვის აგრესიულობას არ იჩენდა, მაღაზიის შესასვლელთან იჯდა და ყვავილებს ყიდდა.
ამ საკითხთან დაკავშირებით, ,,გურია ნიუსი“ ,,კარფურის“ წარმომადგენელს და დაცვის სამსახური ,,მაგისტრის“ ხელმძღვანელს ესაუბრა. აღნიშნული ქმედება, ,,გურია ნიუსთან“,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელმა ანა არგანაშვილმა შეაფასა.
,,კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის ნინო რამიშვილის განცხადებით, აღნიშნული ქალბატონი მაღაზიას პრობლემებს უქმნის, აგრესიულია და მომხმარებლებს ჯოხს ურტყამს
,,ეს ქალბატონი, არის ჩვენი ძალიან დიდი ხნის პრობლემა. უკვე ორი თვეა უნებართვოდ შემოდის ჩვენს მაღაზიაში და ყიდის ყვავილებს. ყველანაირ ზომას მივმართეთ. პრობლემა, მხოლოდ ის არ არის, რომ უნებართვოდ ყიდის ყვავილებს, პრობლემა ის არის, რომ ჩვენს მომხმარებლებს ჯოხს ურტყამს. მომხამარებლები, რომლებიც მანდ სხედან და ყავას სვამენ coffee shop-ში, მიდის და თავის ჯოხს ურტყამს, ადამიანები კი გარბიან. არ ვიცით, რა მოვიმოქმედოთ, ისეთ მდგომარეობაში ვართ. პატრულიც გვყავდა გამოძახებული, მათ წყევლის და ლანძღავს, შემდეგ ისინიც მიდიან და ვერაფერს აკეთებენ. ასე გრძელდება დიდი ხანია. ძალიან აგრესიული ქალბატონია. ამის დამადასტურებელი ვიდეოც გვაქვს, მაგრამ ვერ გავასაჯაროებთ ვერანაირად, თუ მოხვალთ სათაო ოფისში, განახებთ“, _ განაცხადა ნინო რამიშვილმა.
კითხვაზე _ შეიძლება თუ არა თანამშრომლის გამართლება, რომელიც დასცინის და შეურაცხყოფას აყენებს ხანდაზმულ ქალბატონს, თან ტელეფონით იღებს, რამიშვილი გვპასუხობს, რომ ამ შემთხვევის გამო თანამშრომლებს გააფრთხილებს.
„თანამშრომლებსაც არ აქვთ ნერვები და ალბათ, ამან გამოიწვია მათი ეს ქმედება. თანამშრომლებს გავაფრთხილებ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს. გეთანხმებით, ეს არაა მისაღები. მე, პირადად, მაგ თანამშრომლებს არ ვიცნობ, გავარკვევ, ვინ იყო და გავაფრთხილებ, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ ზომამდე მივიდენენ, რომ ნერვები აღარ აქვთ. ქალბატონი იგინება და ჯოხს ურტყამს ხალხს, პოლიციამაც კი ვერ მოუხერხა ვერაფერი. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი თანამშრომლების და მომხმარებლის უსაფრთხოებზე. რა თქმა უნდა, სანახავად ცუდია, მაგრამ ასე გრძელდება თვეების განმავლობაში.
საყვედურს გამოვუცხადებთ იმ თანამშრომელს, მსგავსი შემთხვევა რომ არ განმეორდეს, ასევე, დაცვის კომპანიასაც გავაფრხილებთ. იმ ქალბატონის ქცევის გამო ხომ შეიძლება მომხმარებლისგან საჩივარი მივიღოთ?! ადგეს და წავიდეს სხვა მაღაზიაში“, _ თქვა „გურია ნიუსთან საუბრისას ,,კარფურის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნინო რამიშვილმა.
კარფურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ნათქვამის გადასამოწმებლად ,,გურია ნიუსი“ საპატრულო პოლიციას დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ მოძიებული ინფორმაციიდან გამომდინარე, საკითხთან დაკავშირებით, ,,კარფურის“ აღნიშნული ფილიალიდან არ გამოუძახებიათ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
დაცვის სამსახური ,,მაგისტრის“ დირექტორის, გიორგი ლავიძის თქმით, თანამშრომლებს გააფრთხილებს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდეს.
,,როგორც ვიცი, იმ ქალზეა საუბარი, რომელიც ფულს ითხოვს ადამიანებისგან. ის სისტემატურად შედის მაღაზიაში, არის აგრესიული, ჯოხს იქნევს. მანდ არის coffee shop-ი. მანდ არ არის კათარზისი, რომ შეჭირვებულები შევიდნენ და ისადილონ. ეს სასადილო არ არის. თანამშრომლებს გავაფრხილებთ, რომ მსგავსი შემთხვევა არ განმეორდეს“, _ განაცხადა დაცვის სამსახური ,,მაგისტრის“ დირექტორმა.
,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი: ,,მოხუცზე ძალადობა დაუშვებელია. თუ მოხუცი აგრესიულია, სოციალური სამსახური არის სწორედ ის უწყება, რომელმაც უნდა შეისწავლოს, ამ მოხუცს აქვს თუ არა ყოველდღიური საკვების თანხა ან რატომ უწევს ამ საქმიანობაში ჩართვა, ხომ არ არის ძალადობის მსხვერპლი. ამ დროს სოციალური სამსახური უნდა გამოძახონ. ძალადობას არაფერი ამართლებს, თუ კანონით აკრძალულია მანდ ყვავილების გაყიდვა, მოხუცებულს უნდა განუმარტონ და შესაბამისი ინსტრუქცია უნდა მისცენ არა მარტო თანამშრომლებმა, არამედ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებმა. ის, რომ მოხუცებული აგრესიული იყო, არ ამართლბს იმას, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ, დასცინონ და ეს ყველაფერი გადაიღონ. ეს დაუშვებელია!“ _ თქვა გურია ნიუსთან საუბრისას ანა არგანაშვილმა.