ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად ღია კონკურსი გამოაცხადა.
დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ადგილებზე შემოსულია 263 განცხადება, განცხადებათა მიღება კი მიმდინარე წლის 10 მარტს დასრულდება, მოხდება შემოტანილ განცხადებათა გადარჩევა, რის შემდგომაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებთან დაკავშირებით შექმნილი საკონკურსო კომისია განსაზღვრავს, თუ როდის უნდა ჩატარდეს გასაუბრება.
როგორც ოზურგეთის მერიაში აღნიშნავენ, ვაკანსიები საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე: http://www.hr.gov.ge. 28 თებერვალსა და 1 მარტს გამოცხადდა.
თუ რა კრიტერიუმებით უნდა მოხდეს კანდიდატების შეფასება, ამის შესახებ მერიაში გვპასუხობენ, რომ კანდიდატის შეფასება ხდება გასაუბრების ფორმით.
_ შეფასება ემყარება კანდიდატის სამუშაო გამოცდილებისა და მისი პროფესიული ცოდნის პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობისათვის გათვალისწინებულ სამუშაო აღწერილობასთან, სპეციალურ და დამატებით მოთხოვნებთან და კვალიფიკაციასთან შესაბამისობის დადგენას. გასაუბრების დროს კომისია უშუალოდ ეცნობა თითოეულ კონკურსანტს, მის მიერ წარმოდგენილ განცხადებას. კანდიდატი პასუხობს კომისიის წევრთა შეკითხვებს, რომლებიც გამომდინარეობს საკონკურსო თანამდებობების სპეციფიკიდან, საკონკურსო პროგრამის ფარგლებში. კონკურსანტების შეფასება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, ოთხბალიანი ქულათა სისტემით, სადაც 1 ქულა მინიმალური (მიუღებელი) შეფასებაა, ხოლო 4 ქულა _ მაქსიმალური (ძალიან კარგი).
ქულათა სისტემა მოიცავს შეფასების შემდეგ ვარიანტებს: 1 ქულა _ მიუღებელი. 2 ქულა _ საშუალოზე დაბალი. 3 ქულა _ კომპეტენტური. 4 ქულა _ ძალიან კარგი.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, ესენია: კომუნიკაციის, საკუთარი შესაძლებლობების წარდგენის უნარი, მოთხოვნილი სამართლებრივი აქტების ცოდნა, ლოგიკური მსჯელობა და ანალიზის უნარი, შესასრულებელი სამუშაოს ხედვა, მზადყოფნა და პროფესიული მიღწევები, _ განმარტავენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში.
რაც შეეხება კომისიას, თავმჯდომარის ადგილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსს მიხეილ შილაკაძეს უჭირავს. მოადგილის პოსტი _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საკითხთა სამსახურის ადრეული და სკოლამდელი აღზრდის განყოფილების უფროს თეიმურაზ მოქიას.
კომისიის წევრები არიან: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი მარინა ქერქაძე; „პროფესიული კავშირის“ ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თეიმურაზ ქინქლაძე; ოზურგეთის დემოკრატიული განვითარების კავშირის იურისტი ირაკლი პაპავა; ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ლაშა თავაძე; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი თეა უჯმაჯურიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გია გიორგაძე; ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე.
რაც შეეხება პოზიციებს, რაზეც მერიამ კონკურსი გამოაცხადა: ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახური _ სამსახურის უფროსი; ადმინისტრაციული, მონაწილეობითი დაგეგმვის და კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა კომუნიკაციის სამსახურის მერის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილება _ განყოფილების უფროსი; ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახური _ სამსახურის უფროსი; განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური _ სამსახურის უფროსი;
კონკურსი გამოცხადებულია, ასევე, ოზურგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელის და თანაშემწეების პოსტზე, სადაც, ჩვენი ინფორმაციით, ყველა სოფლის ყოფილი გამგებლის წარმომადგენელი დარეგისტრირდა.