საფეხბურთო კლუბმა ლანჩხუთის „გურიამ“, რომელსაც ვალად ნახევარმილიონამდე ლარი დაუგროვდა და მისი ბიუჯეტი მხოლოდ ფეხბურთის განვითარების ფონდისგან მიღებული 200 ათასი ლარით განისაზღვრება, 30 ათასი ლარიანი ერთჯერადი ფინანსური დახმარება სამშენებლო კომპანია „ორბისგან“ მიიღო. კომპანიას ლანჩხუთელი ზაზა ზოიძე ხელმძღვანელობს და როგორც ამბობენ, კლუბისთვის დახმარების გაწევის თხოვნით, მას უშუალოდ მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა მიმართა.
როგორც წესი, სპონსორიდან მიღებულ თანხას ფეხბურთის განვითარების ფონდი აორმაგებს, გამონაკლისი არც ამჯერზე იქნება და „გურია“დამატებით კიდევ 30 ათას ლარს მიიღებს, ოღონდ წლის ბოლოსთვის. ამ ეტაპზე კი კლუბს მოუწევს 20 ათას ლარს დასჯერდეს, ვინაიდან „ორბისგან“ ბოძებული 30 ათასი ლარიდან 10 ათასი ლარი დასუფთავების სამსახურმა წაიღო ვალის სახით.
ინფორმაციას „ორბის“ მხრიდან კლუბისთვის ერთჯერადად გაწეულ სპონსორობასთან დაკავშირებით ლანჩხუთის მერიაშიც ადასტურებენ.
მერიის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელის, მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, როგორც „ორბთან“, ასევე, სხვა კომპანიებთანაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები სამომავლო სპონსორობასთან დაკავშირებით.