თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისის მერია 2018 წლის 10 აპრილიდან სითი პარკთან კონტრაქტს წყვეტს. ამის შესახებ კალაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კალაძის თქმით, ამის მიზეზი კომპანიის მხრიდან უპასუხისმგებლობა და საჯარო უფლებამოსილებების არასათანადოდ შესრულებაა.
“არ შევურიგდები არცერთ კომპანიის მხრიდან უფლებამოსილებების შეუსრულებლობას. ჩვენი მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც მოქალაქეების უფლებების შელახვისა და პარკირების მართვის სფეროში სისტემური პრობლემების შექმნის მიზეზი გახდა. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება და 2018 წლის 10 აპრილიდან, კომპანია „სითი პარკთან“ დადებული ხელშეკრულება შეწყდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კონტრაქტის გაუქმების შემდეგ, სითი პარკის ფუნქციებს, პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე, თბილისის სატრანსპორტო კომპანია შეითავსებს და განახორციელებს.
კომპანიამ „სითი პარკი” თბილისის მთავრობის მიერ გამოცხადებულ აუქციონზე 2007 წელს გაიმარჯვა. აუქციონში გამარჯვების შემდეგ კომპანიას დედაქალაქში პარკირების მართვის ექსკლუზიური უფლება 15 წლით მიენიჭა.
თბილისის მერიის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა სითი პარკისთვის. როგორც კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, ამ საკითხზე მერიასა და მათ ხელმძღვანელობას შორის კონსულტაცია არ ყოფილა. მათი განცხადებით, სითი პარკი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით განცხადებას უახლოეს დროში გააკეთებს.