საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების ასარჩევმა კომისიამ კანდიდატების შერჩევა უკვე დაასრულა _ როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, 14 კანდიდატიდან შერჩეული 12 კანდიდატის ვინაობა და შესაბამისი ოქმი პარლამენტს გაეგზავნა.
“გურია ნიუსმა” ექსკლუზიურად მოიპოვა კანდიდატთა ქულების შესახებ ინფორმაცია _ ჩვენი წყაროს თქმით, კომისიის ცხრავე წევრის სრული მხარდაჭერა მხოლოდ ორმა კანდიდატმა _ ია მამალაძემ და ნინია კაკაბაძემ მოიპოვეს.
მეორე ეტაპზე ასევე გადავიდნენ მალხაზ ასლამაზაშვილი, ზვიად დევდარიანი, ნათია კობერიძე, ბესიკ ლილუაშვილი, იზაბელა ოსიპოვა, ბაბუცა პატარაია, ნათია სირაბიძე, ხატია ყურაშვილი, ზაზა შათირიშვილი და დონარა შონავა.
მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატების სია პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა, თუმცა, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ რამდენი ქულა მიიღო, არ წერია. პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე არც იმის შესახებ წერია რამე, რომ ყველაზე მაღალი ქულები კომისიის წევრებმა მამალაძეს და კაკაბაძეს მისცეს.
“გურია ნიუსმა“ ასევე ექსკლუზიურად გაარკვია, რომ სახელისუფლებო კანდიდატად მოაზრებულ ზაზა შათირიშვილს 6 ქულა აქვს, 7 ქულა მიიღო ზვიად დევდარიანმა, 5 _ ნათია კობერიძემ, 7 _ ბესიკ ლულიაშვილმა, 5 _ ნათია სირაბიძემ.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია ქულების შესახებ “გურია ნიუსს“ სანდო წყარომ მიაწოდა, პარლამენტის ოფიციალურ გვერდზე მხოლოდ მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატთა ვინაობაა გამოქვეყნებული ქულების მითითების გარეშე.
ის, რომ ია მამალაძემ და ნინია კაკაბაძემ ყველაზე მაღალი ქულები მიიღეს, “გურია ნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა კომისიის მდივანმა მამუკა ანდღულაძემ. მისი თქმით, როგორც კი სხდომა დამთავრდა, შესაბამისი ოქმი პარლამენტში წაიღო და ჩააბარა. მისივე თქმიათ, ოქმი, სადაც კანდიდატების ქულები წერია, პარლამენტია ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს:
_ უნდა გამოქვეყნდეს. გვიანი იყო და შეიძლება ვერ მოესწრო ატვირთვა, _ გვითხრა ანდღულაძემ.