ამ წუთებში, ზუგდიდის კულტურის სახლში, სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ოთხი მხარის გუბერნატორებს, მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს და სოფლის რწმუნებულებს ხვდებიან.
შეხვედრის თემა ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლაა.
ლევან დავითაშვილის თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, მოსახლეობამდე მივიდეს ყველა იმ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია, რაც ამ მხრივ უნდა გატარდეს.
მინისტრების განცხადებით, დარბაზში მყოფ ყველა პირს კითხვების დასმა შეეძლება და შეხვედრა ასე წარიმართება.
ლევან დავითაშვილის თქმით, დასავლეთ საქართველოში 100 წერტილი გაკეთდება, სადაც დამონტაჟდება მავნებლების მიმზიდველები, აქტიურად იმუშავებს საკოორდინაციო შტაბები.
მინისტრის ინფორმაციით, შეძენილია დამატებითი ტექნიკა, რომელიც მუნიციპალიტეტებსაც გადაეცემა.
ლევან დავითაშვილი ამბობს. რომ ყველა სამუშაოზე მონიტორინგი გახორციელდება:
_ ტყეებს და დაცულ ტერიტორიებს ჩვენ გავაკონტროლებთ. მოხდება მუდმივი წამლობა. რაც შეეხება მოსახლეობას, იქ შევდივართ სპეცტექნიკით. დამუშავდება ნაკვეთები, შეიწამლება ორღობეები, _ განაცხადა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, თუ მოსახლეობა იმუშავებს და დაიცავს ეზოებს, შესაძლებელია მოსავლის გადარჩენა.
დავითაშვილი ამბობს, რომ მავნებელთან ბრძოლა 3-4 წლის განმავლობაში მოგვიწევს და ამ ბრძოლაში მონაწილეობა ხელისუფლებასთან ერთად, მოსახლეობამაც უნდა მიიღოს.
დავითაშვილმა ფაროსანას წინააღმდეგ მებრძოლ მწერზეც ისაუბრა
და აღნიშნა, რომ იაპონური კრაზანა, რომლის შემოყვანაზეც არის საუბარი, არ არის საშიში _ ის არც ადამიანებს კბენს და არც სხვა მწერებს ანადგურებს.
მისივე თქმით, არაფერი მოხდება კვლევის და საკითხის შესწავლის გარეშე:
_ ყველა მეცნიერს გავუხსენით კარი და ყველა ახალი გამოგონების გამოცდა მოხდება 2018 წელს, _ აღნიშნა მინისტრმა.