„ჰეი, შენ, ადამიანო!“_ ასე ჰქვია პოეტ მურად მიგრიაულის ლექსების ახალ კრებულს, რომლის პრეზენტაციაც 20 მარტს ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა.
კრებული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის, პოეტისა და პროზაიკოსის, გიორგი კეკელიძის წინასიტყვაობით გამომცემლობა „ინტელექტმა“ გამოსცა.
როგორც კეკელიძე „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობს, მურად მიგრიაული კლასიკურ ფშაურ ხევსურულ ტიპის ლექსებს წერს და პოეტის მთავარი ფიქრი ადამიანია.
„ძალიან გახარებულები ვართ, რომ ჩვენი თანამშრომლის მესამე წიგნის წარდგენაა. მურადი წერს კლასიკურ- ფშაურ-ხევსურულ ტიპის ლექსებს, მაგრამ თანამედროვე ტექსტებს ამ სიტყვის ზოგადი გაგებით და თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი მთავარი საზრუნავი, ფიქრი არის ადამიანი. ეს არის გამოტანილი სათაურის სახით. ეს ტექსტები არის ალეგორიული და ვფიქრობ, რომ ძალიან მოეწონება ჩვენს მკითხველ საზოგადოებას“, _ ამბობს კეკელიძე.
როგორც წიგნის ავტორი, პოეტი მურად მიგრიაული „გურია ნიუსთან“ საუბარისას აღნიშნავს, წერა საფუძვლიანად, დაახლოებით, 6 წლის წინ დაიწყო და უკვე 100-მდე ლექსის ავტორია. მესამე კრებულს სახელად ერთ-ერთი ლექსის სათაური უწოდა, რომლითაც ადამიანებს მიმართავს.
„სამივე წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა. ძალიან მიხარია ეს დღე, რომ მოვიდნენ ახლობლები, მეგობრები და დამაფასეს. პირველი წიგნი იყო „დაწერ ლექსსა“, მეორე იყო „წუთო წამისა“, და მესამეა „ჰეი შენ ადამიანო!“ ეს ლექსის სათაურია და უბრალოდ ადამიანებს მივმართავ. წერას დაახლოებით 6 წელია, რაც საფუძვლიანად მოვკიდე ხელი. ამ კრებულში დაახლოებით 23 ლექსია, სულ 100 ლექსამდე მაქვს დაწერილი“,_ ამბობს მიგრიაული.
პოეტის ლექსები პოეზიის საღამოზე, რომელიც გუშინ ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში გაიმართა, მოზარდთა თეატრმა „თეატრალმა“ წაიკითხა.
როგორც ერთ-ერთი თეატრალი ანი ზაქარაია ამბობს, პოეზიის საღამოსთვის მზადება რთული არ ყოფილა, თუმცა დიდი ემოციებით სავსე იყო.
„პირადად, მე მონაწილეობას პოეზიის საღამოში პირველად ვიღებ. საღამოსთვის მომზადება არ გაგვჭირვებია, მაგრამ მზადების პროცესი დიდი ემოციებით იყო სავსე“, _აღნიშნა ზაქარაიამ.