საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.
მთავრობის მეთაურის მილოცვა მოსახლეობას მარნეულში დღეს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გრიგოლ ნემსაძემ გააცნო.
“ჩემო ძმებო, ჩემო აზერბაიჯანელებო! გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს! ამ ლამაზ დღესასწაულს – ახალი წლის დადგომის, გაზაფხულის, განახლების, სიცოცხლისა და სიყვარულის დღეს!
ვუერთდები თქვენს ზეიმს, მთელი გულით ვიზიარებ თქვენს სიხარულს.
ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ. ჩვენი წინაპრები ერთად ცხოვრობდნენ, ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ, ემსახურებოდნენ საქართველოს, ყოველთვის იზიარებდნენ ერთმანეთის ჭირსა და ლხინს. ასე ვართ ჩვენც და ამ ტრადიციას ჩვენი შვილები გააგრძელებენ.
ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში იყოს ყველანაირი პირობა ჩვენი მოქალაქეების, თითოეული თქვენგანის შესაძლებლობების რეალიზაციისთვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში კიდევ უფრო მეტი ჩართულობისთვის.
მე მივესალმები, რომ თქვენ არ კარგავთ კავშირს თქვენს ისტორიულ სამშობლოსთან. აზერბაიჯანი საქართველოს ერთგული მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია. ვიცი, რომ თქვენთვის ეს ძალიან ძვირფასია.
ჩვენ ერთად ვაშენებთ ჩვენი ქვეყნის მომავალს და აუცილებლად ვიცხოვრებთ ერთად გამთლიანებულ, ძლიერ საქართველოში.
მე, როგორც ყოველთვის, დღეს თქვენთან ერთად ვიზეიმებდი ნოვრუზ ბაირამს, თუმცა ახლა მძიმე წუთები გვაქვს, ჩვენი თანამემამულის ცხედარს უნდა მივაგოთ სათანადო პატივი, ამიტომ, სამწუხაროდ, ფიზიკურად თქვენს გვერდით ვერ ვარ.
თუმცა, მთელი გულით, კიდევ ერთხელ გილოცავთ ნოვრუზ ბაირამს!
გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებას, სიხარულს, წინსვლასა და გაძლიერებას”, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მილოცვაში.