ლანჩხუთსა თუ მის გარეთ მოღვაწე, ფართო საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები, რომელთაც აქაური ფესვები აქვთ, ქალაქის ცენტრალურ პარკში მემორიალური დაფის დადგმის ინიციატივით გამოდიან. მათი ინფორმაციით, ამ ადგილას, სადაც ადრე სასაფლაო იყო, ძველი დროის სხვა ღირსეულ წარმომადგენლებთან ერთად ნიგოითის 1845 წლის ბრძოლების გმირები განისვენებენ.
„ქალაქის ცენტრალური პარკი ყოფილი სასაფლაოს ადგილზეა გაშენებული, რომელმაც დროთა ვითარებაში ბევრი სახეცვლილება განიცადა და დღეს ერთადერთი დასასვენებელი ადგილია… ამ ადგილის სიძველეს ადასტურებს შემორჩენილი ექვსი ძირი ურთხელის ხე, რომელიც, ალბათ, რამდენიმე საუკუნეს ითვლის.
როცა ლანჩხუთში რკინიგზის ლიანდაგი უნდა დაეგოთ, ამ პარკში, ქალაქის ცენტრში უნდა გაევლო, მაგრამ მაშინდელმა ხელმძღვანელობამ და მოწინავე პატრიოტმა ადამიანებმა არ მისცეს საშუალება, რომ რკინიგზას აქ გაევლო და იგი ქალაქის განაპირას, სადაც დღეს არის, იქ გაიყვანეს, რისთვისაც ამ ხალხმა საკუთარი ინიციატივით ათასობით ურემი ხრეში დაყარა. სამწუხაროდ, დღეს არავისთვის არის ცნობილი, რომ ამ პარკში ყოფილ სასაფლაოზე განისვენებენ ლანჩხუთის იმდროინდელი გამოჩენილი პიროვნებები, ნიგოითის 1845 წლის ბრძოლების გმირები. ის მხედრები, რომლებიც ამერიკაში ცხენოსნობის ურთულეს ილეთებს ასრულებდნენ და აოცებდნენ იქაურ მაყურებლებს. არცერთი არ დარჩა ამერიკაში.
აქ განისვენებენ აგრეთვე ნოე ჟორდანიას, შალვა და ნოე ცინცაძეების, ფილიპე გოგიჩაიშვილის, ვარლამ, არჩილ და მარიამ ებრალიძეების, იოსებ და გივი წილოსანების და სხვათა წინაპრები. დროა, სანამ კიდევ არიან შემორჩენილი ადამიანები, რომელთაც ახსოვთ აქ განსვენებულთა სახელები, რომ ამ პარკში დაიდგას მემორიალური დაფა მათ მოსაგონარად“, _ ამბობენ ინიციატივის ავტორები.