ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური დაბაში არ ადის.
_ ორი თვეა ნაგავში ვიხრჩობით. აღარ ვიცით, რა გავაკეთოთ, ვის მივმართოთ. როგორც ჩანს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რუკაზე ნარუჯა აღარაა. გთხოვთ, თქვენც მაინც მიაწვდინეთ ხმა ვინმეს, _ მოგვწერეს ნარუჯიდან და შესაბამისი ფოტომასალაც გამოგვიგზავნეს, რომელიც, მათივე თქმით, დაბის პირველ რაიონშია გადაღებული. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსის თენგო ქუტიძის თქმით, დაბას მანქანა ემსახურება და აღნიშნული პრობლემის შესახებ საქმის კურსში არ არის: _ დაბა ნარუჯას კამაზი ემსახურება. არ ვიცი რა ხდება. გადავამოწმებ აუცილებლად, ახლავე მივხედავ, _ გვითხრა ქუტიძემ და ინფორმაციის მიწოდებისთვის მადლობის გადახდაც არ დავიწყებია.