იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირების მიზეზი სასამართოს ტერიტორიაზე ახალი შენობისთვის ფინანსების გამოყოფის საკითხმა გამოიწვია. ამ თემაზე ერთმანეთს საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე და საბჭოს არაწევრი მოსამართლე ნაზი ჯანეზაშვილი დაუპირისპირდნენ.
როგორც სააგენტო “ინტერპრესნიუსი” წერს, საბჭოს მდივანმა გიორგი მიქაუტაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი სიცრუეში დადანაშაულა და ამის დასტურად ჯანეზაშვილის ის განცხადება მოიყვანა, თითქოს ახალი შენობისთვის საბჭო დამატებით 12 მილიონს ითხოვდა სახელმწიფო ბიუჯეტისგან.
ნაზი ჯანეზაშვილს საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილიც გამოეპასუხა. მეთოფიშვილმა ჯანეზაშვილის “ფეისბუქპოსტი” მოიყვანა მაგალითად, სადაც ჯანეზაშვილი სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის სავარაუდო გავლენებზე წერდა. მეთოფიშვილი ჯანეზაშვილის ამ ბრალდებას დაუსაბუთებელს უწოდებს.
იუსტიციის საბჭოს სხდომაზე ორი ინიციატივა დააყენა არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, თუმცა ორივე მათგანი წევრებმა ჩააგდეს. 1tv-ს ცნობით, სხდომაზე, ანა დოლიძემ საბჭოს წევრებს შესთავაზა, რომ მოსამართლის კანდიდატის შეფასებისას გათვალისწინებული იყოს ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, თუ ამ მოსამართლის მიერ განხილულ საქმეზე აქვს მიღებული.
მისი განცხადებით, იმისთვის, რომ ქართული მართლმსაჯულება დაუახლოვდეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს აუცილებელია, მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების გათვალისწინება.
დოლიძის მეორე ინიციატივა სასამართლოს თავმჯდომარეების დანიშვნის წესის ცვლილებას გულისხმობდა.
“არ ვთვლი სწორედ, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ნიშნავდეს სასამართლოს თავმჯდომარეს. საბჭომ მოსამართლეებს თავმჯდომარეები არ უნდა დაუნიშნოს”, – განაცხადა ანა დოლიძემ.