პოლიტიკის ექსპერტი მამუკა არეშიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ მმართველი გუნდში მიმდინარეობს მოლაპარაკებები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით. როგორც პოლიტოლოგი გვეუბნება, კვირიკაშვილს აქვს ის თვისებები, რომლებიც საქართველოს მომავალ პრეზიდენტს უნდა ახასიათებდეს.
,,რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, კვირიკაშვილის გაპრეზიდენტებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს მმართველ გუნდში. იყო მომენტი, როცა კვირიკაშვილი იყო უალტერნატივო კანდიდატურა, შემდეგ შეიცვალა მიდგომები და ახლა, როგორც ჩანს, ისევ გიორგი კვირიკაშვილია მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი. სხვათაშორის, გიორგი კვირიკაშვილის აქვს შინაგანი ლტოლვა საგარეო პოლიტიკის კეთებასთან დაკავშირებით, ეს მისი ხასიათის თვისებაა. გარდა ამისა, პრეზიდენტის პოსტის ფორმატი, რომელიც კონსტიტუციით არის განსაზღვრული, აბსოლუტურად მოსარგები იქნება კვირიკაშვილისთვის. ნამდვილად ვერ გეტყვით, ის კარგი პრეზიდენტი იქნება თუ ცუდი, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მისი კანდიდატურის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება არ მაქვს“, _ განაცხადა არეშიძემ.
ცნობისთვის, 2018 წლის ოქტომბერში საქართველოს ამომრჩეველი პრეზიდენტს ერთჯერადად, 5-წლის ვადით აირჩევს. ახალი კონსტიტუციის გათვალისწინებით, ეს ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, სადაც გადაწყვეტილებას პრეზიდენტის არჩევაზე ამომრჩეველი მიიღებს.