2017 წელს თანამდებობის პირთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის შედეგად აღმოჩენილ დარღვევებთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურა 7 მაღალჩინოსნის საქმეს სწავლობს. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მთავარმა იურისტმა თამარ ტატანშვილმა თქვა. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
2017 წელს ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის ფარგლებში საჯარო სამსახურის ბიურომ 287 თანამდებობრივი პირის ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. აქედან 224 შემთხვევაში კი უარყოფითი დასკვნა იყო და პირები დაჯარიმდნენ. 7 შემთხვევაში კი საქმე პროკურატურას გადაეცა, რადგან ბიურომ მიიჩნია, რომ იქ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იყო.
“როგორც პროკურატურიდან დღეს მიღებულ წერილშია აღნიშნული, 7-ვე შემთხვევაზე გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა, მეტი ინფორმაცია, თუ ვის მიმართ ან რა დარღვევის გამო მიმდინარეობს გამოძიება, პროკურატურამ არ მოგვაწოდა”,- თქვა თამარ ტატანაშვილმა.
2018 წელს საჯარო სამსახურის ბიურო 289 ქონებრივ დეკლარაციას შეამოწმებს.
10 იანვარს ცნობილი გახდა, რომ საჯარო სამსახურის ბიურო 54 დეპუტატის ქონებრივ დეკლარაციას სწავლობს.
ბიუროს მიერ შემოწმდა თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, რომელიც ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილი ხარვეზების გამო 1000 ლარით დაჯარიმდა. 1000-ლარიანი ჯარიმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ლევან ურთმელიძემ. შედეგად კი მას ჯარიმას დაუბრუნებენ.