დღეს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ლიგა-პრო 3 -ის მორიგი, მეხუთე ტურის შეხვედრები გაიმართა, რომელიც წარმატებული გამოდგა ორივე გურული კლუბისთვის.
ლანჩხუთის „გურიამ“ სტუმრად იმარჯვა თბილისურ „მარკ სტარსთან“. ფაქტობრივად, პირველ ტაიმშივე გაირკვა აქ გასარკვევი, როცა ჯერ გიორგი გურეშიძემ (მე-4 წუთზე), მერე ბექა ზაქრაძემ (მე-20 წუთზე) და კაპიტანმა თენგიზ ჩიკვილაძემ (28-ე წუთზე) სამი უპასუხო გოლი გაუტანეს მასპინძლებს და თითქოს ინტრიგასაც აქ მოუხვიეს თავი.
თუმცა შესვენებიდან ხუთიოდ წუთში ირაკლი იბრაგიმოვის გოლმა, ცოტა გაამძაფრა სიტუაცია და 77-ე წუთზე ზაზა ნადირაძის ზუსტმა დარტყმამ, მასპინძლებს ქულის გადარჩენის შანსი გაუცოცხლა. ამის მიუხედავად „გურიამ“ დარჩენილ წუთებში მაინც გაძლო და უმნიშვნელოვანესი 3 ქულით გაიხარა.
საპირისპირო სცენარით წარიმართა შეხვედრა ჩხოროწყუში, სადაც ჩოხატაურის „ბახმარო“ სტუმრობდა. ჩოხატაურელთა კლუბის სიტუაცია ჯერ 25-ე წუთზე დამძიმდა, როცა მსაჯმა მამუკა გიორგაძე გააძევა, ხოლო შემდეგ „გურიას“ დარად 50-ე წუთზე გაშვებულმა გოლმა, ის კატასტროფული გახადა.
თემურ ლორიას შეგირდებმა დარჩენილ დროში ლამის შეუძლებელი შეძლეს. კაცნაკლულებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრეს გიგა კვერენჩხილაძის 77-ე წუთზე გატანილი გოლით, ხოლო სამიოდ წუთში ბიძინა ცინცაძის მეოხებით სულაც დაწინაურდნენ და დარჩენილ დროში მოახერხეს შედეგის შენარჩუნება.
ამ მოგებით „ბახმარო“ ცხრილის მეორე საფეხურზე ამაღლდა და ქულებით უდანაკარგო „საბურთალოს“ კვალში ამოუდგა 13 ქულით. შეინარჩუნებს თუ არა ამ ადგილს, ეს მას მერე გაირკვევა, რაც „გორი“ ხვალ ჩაატარებს თავის შეხვედრას ვანის „სულორთან“.
რაც შეეხება „გურიას“, ის 10 ქულით მეოთხე ადგილზეა და მისი გადასწრება მხოლოდ „ზუგდიდს“ შეუძლია, რომელიც ასევე ხვალ, ჯერ კიდევ უქულო წყალტუბოს„სამგურალი 2“-ს უმასპინძლებს. ამდენივე ქულა დარჩა „გარდაბანს“, რომელმაც პირველი მარცხი იწვნია მოულოდნელად და შინაურ კედლებში ტყიბულის „მეშახტესთან“ ვერას გახდა (0:1).
მომავალი ტური 3 აპრილს გაიმართება და ორივე გურული კლუბი შინ უმასპინძლებს თავის მეტოქეებს. „ბახმარო“ უშუალო კონკურენტ „გორს“ დაუხვდება, „გურია“ კი ხონის „იმერეთს“.