ინფორმაციით თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა 2017 წლის ყველაზე ღია და დახურული საჯარო უწყებების სია გამოაქვეყნა.
IDFI-ის ცნობით, 2017 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის 100%-იანი მაჩვენებელი აჩვენა 39-მა საჯარო დაწესებულებამ. მათ შორის იყო შემდეგი სამინისტროები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო.
2017 წელს ყველაზე დახურულ საჯარო დაწესებულებად დასახელდა სსიპ – შემოსავლების სამსახური. როგორც IDFI აცხადებს, შემოსავლების სამსახურს გაეგზავნა 29 მოთხოვნა, საიდანაც პასუხი არცერთ მოთხოვნაზე მიუღიათ. ინსტიტუტის განცხადებით, შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ, ყოველწლიურად მნიშვნელოვნად უარესდება და 2016 წლიდან 0%-ს უტოლდება.
IDFI-ის ინფორმაციით, 2017 წელს, შემოსავლების სამსახურის გარდა, საქართველოს 289 ადმინისტრაციულ ორგანოს შორის კიდევ 13 დაწესებულება აღმოჩნდა ისეთი, ვინც სრულად უგულებელყო კანონით მათზე დაკისრებული ვალდებულება და უპასუხოდ დატოვა ინსტიტუტის ყველა განცხადება საჯარო ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით.
ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ხელმისაწვდომობის რეგრესის თვალსაზრისით, ინსტიტუტის განცხადებით, გამორჩეულია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, რომელმაც 2016 წლის 81,9%*-იანი მაჩვენებელი 2017 წელს 69,8%-ით გააუარესა და 12,1% შეადგინა. მათი ცნობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემთხვევაში მაჩვენებელი გაუარესდა 35,7%-ით.
IDFI-ის განცხადებით, 2017 წელს გარკვეული პროგრესი შეიმჩნევა 2016 წელს ყველაზე დახურულ უწყებად დასახელებული იუსტიციის სამინისტროს შემთხვევაში, რომელმაც 2016 წლის 0%-იანი მაჩვენებელი 74,9%-ით გააუმჯობესა: “ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის 2017 წელს ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მაჩვენებლის გაუმჯობესებით გამორჩეულია აგრეთვე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო + 46,2%.”