თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ირმა ბერაძის ინიციატივით და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტთან თანამშრომლობით, ჩუღურეთელი მოსახლეობისათვის დასაქმების ფორუმი გაიმართა.
როგორც ჩუღურეთის მაჟოროტარმა დეპუტატმა, რიმა ბერაძემ განაცხადა, ხელისუფლება ბევრს აკეთებს, მაგრამ მთავარ გამოწვევად ქვეყნისთვის დასაქმების პრობლემა რჩება და სწორედ ამიტომ აუცილებლად ჩათვალა, რომ ყოფილიყო უშუალო კონტაქტი ბიზნესსა და საჯარო სამსახურებს შორის.
„4 წელია ვარ ჩუღურეთის მაჟორიტარი-დეპუტატი თვითმმართველობაში. ამ პერიოდის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, ხელისუფლება ბევრს აკეთებს დასაქმების ხელშესაწყობად, ის მაინც ერთ–ერთ მთავარ გამოწვევად რჩება ქვეყნისთვის.
ვფიქრობდი, რომ ყოფილიყო უშუალო კონტაქტი ბიზნესსა და საჯარო სამსახურებს შორის. ყოველთვის ჩემი უშუალო კავშირებით ვეხმარებოდი ამა თუ იმ ადამიანს, ვაძლევდი რეკომენდაციას, იმიტომ, რომ თვითონ მაჟორიტარ-დეპუტატს არ შეუძლია სამუშაო ადგილების შექმნა. ჩემ მიერ მოძიებული იქნა ჯანდაცვის სამინისტროში გახორციელებული პროექტი. სოციალური სააგენტოს დასაქმების ბიუროს შექმნილი აქვს სპეციალური გვერდი. ამ გვერდზე ხდება სამსახურის მაძიებელ მოქალაქეთა დარეგისტრირება და შემდეგ ვაკანსირებული ადგილების შეთავაზება. შევაგროვე ინფორმაცია, მივაწოდე დასაქმების ბიუროს და დღეს აქ მოწვეულია 100-ზე მეტი მსურველი, რომელიც ეძებს სამუშაოს და 15 ორგანიზაცია. მოხდება ამ კომპანიების მიერ დასაქმების მსურველთა გამოცდილების შეჯერება და ამის მიხედვით ისინი დასაქმდებიან. ეს არ არის ერთჯერადი ღონისძიება. შესაძლებელია ყველა აქ მოსული ადამიანი ვერ დასაქმდეს, მაგრამ ისინი იქნებიან დარეგისტრირებულები და ყველა არსებული ვაკანსიის შემთხვევაში, მოხდება მათთვის დასაქმების ხელის გაწოდება“, _ამბობს ბერიძე.
როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია ამბობს, დასაქმების ფორუმი პერიოდულად ტარდება და ჩუღურეთის რაიონის მოსახლეობის გარდა, ფორუმში მონაწილეობის მიღება თბილისის მაცხოვრებლებს უბნების მიხედვით შეეძლებათ.
„ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ პერიოდულად ტარდება დასაქმების ფორუმი. დღევანდელი ფორუმი არის ნათელი მაგალითი ამისა, სადაც 15 დამსაქმებელი და 200-ზე მეტი ვაკანსიაა წარმოდგენილი. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ჩვენ, პარლამენტი და ადგილობრივი თვითმმართველობა ერთობლივად ვაწყობთ ფორუმს და სწორედ, ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელ ფორუმში. ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით უფრო მეტ საშუალებას მივცემთ მოქალაქეებს დასაქმებისთვის. ანალოგიური ფორუმების ჩატარება სხვადასხვა უბნებშიც არის დაგეგმილი“, _ ამბობს ბარკალაია.
თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ის დაეხმარება კომპანიებს და კვალიფიციურ ადამიანებს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ამ პროექტის მთავარი არსია, ხელი შევუწყოთ ერთი მხრივ კომპანიებს, რომ ჰყავდეთ დასაქმებული კვალიფიციურ ადამიანები და მეორე მხრივ, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და ეძებენ სამსახურს“, _განაცხადა ტყემალაძემ.
მოქალაქეებს, რომლებიც სამსახურს ეძებენ, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, დასაქმების პროექტში ჩასართავად რეგისტრაციის გავლა მითითებულ ბმულზე შეუძლიათ, ხოლო ინტერნეტთან ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში კი, უბნის მიხედვით, სოციალური მომსახურების ფილიალებს უნდა მიმართონ.