ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მორჩილაძე ხელისუფლებას სოფლის ცენტრალური გზის საკითხით დაინტერესებას სთხოვს.
მორჩილაძის თქმით, წლებია, რაც აღნიშნულ პრობლემაზე საუბრობს, თუმცა, ყურადღება აქამდე არავისგან არ ჩანს.
“კარგია ამ თუ იმ სოფელში გზა რომ კეთდება, მაგრამ, იქნებ, ვინმე თავად ჩამოვიდეს ინფრასტრუქტურის სამინისტროდან და საკუთარი თვალით ნახოს, რა ხდება აკეთის მთავარ გზაზე. არ დაგავიწყდეთ, რომ ეს ჩოხატაურთან და ოზურგეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი გზაა. ზღვისპირეთში რომ დადიან მინისტრები, აკეთშიც გვეწვიონ, იქნებ, მოეწონოთ აქაური ბუნება და გადაწყვიტონ გზის გაკეთება. სხვაგან შემოვლით გზას თუ ვაკეთებთ, ჩვენ მთავარი გზაც არ უნდა გვქონდეს?!” _ ამბობს აკეთის მაჟორიტარი.
მორჩილაძის განცხადებას მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, ლევან ჩხაიძის განმარტებას მოჰყვა, რომ 2018 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 563 392 ლარი ღრმაღელე-წყალწმინდის შემოვლითი გზის რეაბილიტაციას მოხმარდება. 1 068 116 ლარი კი ნიგვზიანში, ნინოშვილის მუზეუმამდე მისასვლელი გზის შეკეთებას მოხმარდება.
როგორც ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განმარტა, ღრმაღელე-წყალწმინდის გზის რეაბილიტაცია უშუალოდ მაშინდელი ინფრასტრუქტურის მინისტრის ალავიძის წინადადებით გადაწყდა. მერის თქმით, ობიექტი თავად მინისტრს ადგილზე უნახავს და გადაწყვეტილებაც მიუღია.
ლანჩხუთის საკრებულოს წევრი სოსო ჩხაიძე მიიჩნევს, რომ ვინაიდან აკეთის გზის მონაკვეთი მეზობელ მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი გზაა, მას სტატუსი უნდა შეეცვალოს, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის უნდა გახდეს და სახელმწიფო დაქვემდებარებაში გადავიდეს.