საქართველოს მოკრივეთა 22-წლამდელთა ნაკრები რუმინეთიდან დაბრუნდა. აეროპორტში სპორტსმენებს, მწვრთნელებსა და დელეგაციის სხვა წევრებს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და სპორტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ.
ნაკრების გამოსვლა წარმატებულად შეაფასა კრივის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა დავით წიკლაურმა და ხაზი გაუსვა ახალგაზრდა ქართველი მოკრივეების სიძლიერეს.
22-წლამდელთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა ქალაქ ტირგუ ჟიუში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე. შალვა დუნდუას ხელმძღვანელობით ქართველმა მოკრივეებმა 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ევროპირველობაზე სულ 8 ქართველი სპორტსმენი გამოვიდა და აქედან 4-მა მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შედეგი ქართული კრივის ისტორიაში არ ყოფილა.