“სრულიად ნათელია, რომ აღმოვჩნდი არაერთი ინტერესის გზაჯვარედინზე. ჩემი რეპუტაციის განადგურება ერთდროულად გახდა სხვადასხვა ინტერესთა და პოლიტიკური ჯგუფის აქტიურობის საგანი, რითაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა არასამთავრობო სექტორს,” _ ეს განცხადება ზვიად დევდარიანმა რამდენიმე წუთის წინ, პრესკონფერენციაზე გააკეთა.
დევდარიანი, რომელიც “ქათა მოძრაობამ” მას შემდეგ დაადანაშაულეს სექსუალურ შევიწროებაში რაც სახალხო დამცველმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს კანდიდატმა დაასახელა ამბობს, რომ მისი მიზანი სიმართლის დადგენაა:
“უკანასკნელი ორი კვირა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული იყო. ეს არის მძიმე დარტყმა არამხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად ჩემი ოჯახისთვის, რისთვისაც მათ ბოდიში მინდა მოვუხადო.
ვფიქრობ, სრულიად ნათელია, რომ აღმოვჩნდი არაერთი ინტერესის გზაჯვარედინზე. ჩემი რეპუტაციის განადგურება ერთდროულად გახდა სხვადასხვა ინტერესთა და პოლიტიკური ჯგუფის აქტიურობის საგანი, რითაც მნიშვნელოვანი დარტყმა მიადგა არასამთავრობო სექტორს.
ამ ეტაპზე, მე არ ჩავერთვები ამ თემასთან დაკავშირებულ დისკუსიებში, რათა ამით დამატებითი ზიანი არ მივაყენო, როგორც სამოქალაქო სექტორს, ასევე ადამიანის უფლებების თემას.
თუმცა, გამოვდივარ ,,ფეისბუქსასამართლოს” წინააღმდეგ, რომლის გადაწყვეტილებით, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, უდანაშაულობის პრეზუმპციის დარღვევით და ჩემი პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფით, აღმოვჩნდი ბრალდებული და მსჯავრდებული.
მინდა შეგახსენოთ, რომ არავინ შეიძლება დაექვემდებაროს პირად და ოჯახურ ცხოვრებაში, მის საცხოვრებელსა და მიმოწერაში თვითნებურ ჩარევას, ისევე როგორც მისი პატივისა და რეპუტაციის ხელყოფას. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით გარანტირებული სწორედ ამ უფლების უხეშ დარღვევასთან გვქონდა საქმე.
,,ფეისბუქსასამრთლომ” შექმნა ძალიან საშიში და არაკონტროლირებადი იარაღი, რომელიც შესაძლებელია გამოიყენონ არამხოლოდ ადამიანის უფლებათა დარღვევის სავარაუდო მსხვერპლებმა, არამედ არაკეთილსინდისიერი განზრახვის მქონე ადამიანებმაც და რაც მთავარია, სხვა ინტერესთა ჯგუფებმა, რომლებსაც მიეცემათ შესაძლებლობა, ღირებულებებისა და უფლებების საფარველით გამოიყენონ ეს იარაღი არასასურველი პირების რეპუტაციის განადგურებისთვის.
ჩემი მოქმედება იქნება მხოლოდ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენებაზე ორინტირებული.
მზად ვარ ვითანამშრომლო შს სამინისტროსთან, პროკურატურასთან და სახალხო დამცველის აპარატთან და ჩემი სიმართლე ვამტკიცო სასამართლოში;
მზად ვარ ვიდავო ჩემი პატივისა და ღირსების და ჩემი შვილების უფლებების შელახვის ფაქტზე;
მზად ვარ ვიდავო ჩემი კონსტიტუციური უფლებების და პირადი ცხოვრების უფლების ხელყოფის ფაქტზე.
მე არ ვიბრძვი ვინმეს დასამარცხებლად, ჩემი მიზანი სიმართლის დადგენაა!
მადლობა და მახსოვხართ ყველა, ვინც ამ რთულ დღეებში მწერდით, მირეკავდით და მამხნევებდით. თქვენი გვერდში დგომა ჩემთვის მნიშვნელოვანია” _ განაცხადა დევდარიანმა.