პოლიტოლოგი ვაჟა ბერიძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება დესტაბილიზაციას გამოიწვევს. მისი თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილი მისი დაბრუნების წინააღმდეგია.
,,თავად მომხრე ვარ სააკაშვილი საქართველოში დაბრუნდეს. 21-ე საუკუნეში ადამიანის ქვეყნიდან განდევნა და იმ უფლების აკრძალვა, რომ საკუთარ ქვეყანაში იცხოვროს, მიმაჩნია მიუღებლად და არასწორად. სააკაშვილს, საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მოუწევს ქართულ მართლმსაჯულებასთან ანგარიშის გასწორება და შესაბამისი პროცედურების გავლა. ის ნიჭიერი ადამიანია, რომელმაც უდავოდ სერიოზული როლი შეასრულა საერთაშორისო პროცესებში დადებითი და უფრო მეტი უარყოფითი, ამიტომ არჩევნებში გამარჯვების არარეალურ ოცნებას უნდა შეეშვას.
ვფიქრობ, სააკაშვილის დაბრუნება დესტაბილიზაციის წინაპირობა იქნება, რადგან ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილი მისი დაბრუნების წინააღმდეგია. გარდა ამისა, ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი არ დაუშვებს სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას.
ქართველი საზოგადოების პრობელმა ის არის, რომ ,,ქართულ ოცნებას“ ალტერნატივა არ აქვს, რაც ბევრ პრობელამს განაპირობებს“, _განაცხადა ვაჟა ბერიძემ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ჩამოვა საქართველოში და საკუთარ გუნდთან ერთად ყველა პროგრამას განახორციელებს.