ევროპის საბჭომ შრომითი ექსპლუატაციის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს შესახებაც არის საუბარი. ზოგად ჭრილში მსჯელობისას, ანგარიშში წერია, რომ ბოლო წლებში, შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევათა რაოდენობამ, სექსუალური ექსპლუატაციის მიზნით ტრეფიკინგის შემთხვევებს გადააჭარბა. ანალოგიური მდგომარეობაა ბელგიაში, კვიპროსში, პორტუგალიაში, სერბეთსა და დიდ ბრიტანეთში. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
„ჩვენი მონიტორინგი აჩვენებს, რომ ევროპაში სულ უფრო მეტი ადამიანი ხდება შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი. ადამიანებს ხშირად უჭირთ საუბარი ამ თემაზე, რადგან დეპორტაციის ან კრიმინალური ჯგუფების მხრიდან შურისძიების ეშინიათ“, – ამბობენ ანგარიშის ავტორები.
საქართველოსთან დაკავშირებით, ანგარიშში წერია, რომ ქვეყანაში შრომითი ექსპლუატაციის შემთხვევების რიცხვი გაზრდიალია.
როგორც კვლევით ირკვევა, შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი ყველაზე ხშირად კაცები არიან, რომლებიც სოფლის მეურნეობის, ტურისტულ ან თევზჭერის სფეროში მუშაობენ. ქალ მსხვერპლთა უმეტესობა კერძო სახლებში მომვლელად მუშაობს და შრომით ექსპლუატაციასთან ერთად სექსუალური ძალადობის მსხვერპლიც ხდება.
ანგარიშის ავტორები მოუწოდებენ ევროპის ქვეყნებს, გააუმჯობესონ ტრეფიკინგის შემთხვევათა მონიტორინგი და დამნაშავეები დასაჯონ.