ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას – “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ”, პიარ-აქციასა და მორიგ სატყუარას უწოდებენ.
“საქართველოს ხელისუფლების ახალი ინიციატივა არის მორიგი პიარაქცია და უხეში მცდელობა, რომ საქართველო საერთაშორისო საზოგადოების თვალში, წარმოაჩინონ, როგორც მშვიდობისმოყვარე სახელმწიფო, რომელსაც კონსტრუქციული ხელისუფლება ჰყავს,“- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
„საქართველოს ხელისუფლება მიხვდა, რომ უახლოეს პერსპექტივაში სამხედრო გზით სამხრეთ ოსეთის დაბრუნება შეუძლებელია და ტაქტიკის შეცვლა გადაწყვიტა. ახლა დღის წესრიგში მშვიდობიანი დარეგულირების კონცეფციაა-თანამშრომლობის გზით ჩართვის სტრატეგია და რიგი მშვიდობიანი ჰუმანიტარული ინიციატივები, რომლებსაც ოფიციალური თბილისი ძალიან აქტიურ რეკლამას უკეთებს მსოფლიო მასშტაბით. ეს თბილისის მხრიდან სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის სურვილის გაჟღერების პირველი მცდელობა არაა. ამიტომ, მსგავს განცხადებებს სერიოზულად არ აღვიქვამთ. არ გვაქვს იმედი, რომ თბილისში მეზობელ ახალგაზრდა სახელმწიფოებთან მშვიდობიანი თანაცხოვრება გადაწყვიტეს,“- ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ მთავრობის სხდომაზე წარადგინა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც პირველ რიგში, ქვეყნის მშვიდობიანი, სტაბილური განვითარების გზაზე უალტერნატივო ნაბიჯია.
ინიციატივა სამ მიმართულებას გულისხმობს: პირველი მიმართულება ადმინისტრაციული გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობის გაფართოება და გამარტივება ახალი შესაძლებლობების შექმნის გზით;
მეორე მიმართულება: ხარისხიანი განათლების მიღების დამატებითი შესაძლებლობების შექმნა და წვდომის გამარტივება განათლების ყველა საფეხურზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ;
მესამე მიმართულება კი, ისეთი მექანიზმის შექმნაა, რომლითაც მარტივდება წვდომა იმ სარგებელზე, რომლებიც ქვეყნის განვითარების შედეგად, მათ შორის ევროინტეგრაციის გზაზე ხელმისაწვდომი გახდა-ეს არის უვიზო მიმოსვლის უფლება, თავისუფალი ვაჭრობის უფლება და ა.შ.