დღეს გურიის გუბერნატორმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ჩოხატაურის საკრებულოს წევრებმა, გურიაში, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის დაღუპული ნინო თოიძისა და ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. ყვავილებით შეამკეს, ასევე, 9 აპრილის მემორიალი ჩოხატაურში.
“დღეს არის ძალიან მძიმე დღე ჩვენი ქვეყნისთვის, რეგიონისთვის. 29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილიდან. იმ 21 გმირს შორის, რომლებმაც ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავი გაწირეს, ოზურგეთელი ნინო თოიძე და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე იყვნენ. მე, ქედს ვიხრი მათი ოჯახისა და ხსოვნის წინაშე“, _ განაცხადა გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ.
როგორც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ აღნიშნა, უახლოესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე – 9 აპრილი, თითოეული ქართველისთვის იქცა თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ. ოზურგეთი დღეს, განსაკუთრებული მოწიწებით იხსენებს ლიხაურელ ნინო თოიძეს. სწორედ ეს თავდადება გახლავთ მაგალითი პატრიოტიზმის და მათი ხსოვნა არის მარადიული.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა: „9 აპრილმა ორად გაყო საქართველოს ისტორია, 9 აპრილამდე და მის შემდეგ. სწორედ ამ ადამიანების დაღვრილმა სისხლმა განაპირობა დღევანდელი დამოუკიდებლობა. კიდევ ერთხელ ვუცხადებ სამძიმარს გარდაცვლილთა ოჯახებს. 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა.
ტრაგედიიდან ზუსტად 2 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ, ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.
“.