ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში ფინანსთა სამინისტროს და კომპანია „Microsoft“-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებისას, ახალი ინიციატივა გააჟღერა. ბახტაძე თვლის, რომ საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა, მისი თქმით, “სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას“.
ფინანსთა მინისტრი ახალი, ალტერნატიული წყაროს შექმნის ინიციატივით გამოდის: “შესაბამისად, საჭიროდ ჩავთვალეთ, ალტერნატიული წყაროს შექმნის ინიციატივა, რომელსაც ვუწოდეთ სასტარტო კაპიტალის შექმნის რეფორმა! სასტარტო კაპიტალზე წვდომის იდეა სწორედ ჩვენი ახალგაზრდა მეწარმეებისთვის, იაფი, ფაქტობრივად, ნულოვანი საპროცენტო განაკვეთის მქონე ფულადი რესურსის მიწოდებას გულისხმობს. ეს იქნება ალტერნატივა, მაღალპროცენტიანი საბანკო პროდუქტისა, _ ამბობს ბახტაძე.
“ჩვენი ორიენტირია, რომ ამ ეროვნულ იდეას მოხმარდეს მთლიანი შიდა პროდუქტის გარკვეული ნაწილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ეკონომიკის ზრდა გახდება ინკლუზიური, მოსახლეობაზე ორიენტირებული და თავისუფალი ეკონომიკის პრინციპებზე აგებული. მცირე მეწარმეებისათვის არსებული 1%-იანი გადასახადების, დღგ-ს დაბრუნების ავტომატიზებული სისტემისა და კაპიტალზე წვდომის რეფორმების ერთობლიობით სამეწარმეო აქტივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება; ეს კი ნიშნავს, რომ მშპ-ს ზრდაში მცირე და საშუალო ბიზნესს და ახალ მეწარმეებს ექნებათ, მინიმუმ, 60%-იანი წილი“, _ აცხადებს ფინანსთა მინისტრი.