უზენაეს სასამართლოში მოქალაქე როლანდ ბლადაძის საკასაციო საჩივრის განხილვაზე შეთანხმება ვერც დღევანდელ პროცესზე ვერ მოხდა.
დღევანდელ სხდომაზე მორიგების პროცესის გასაგრძელებლად ეკონომიკის სამინისტრომ მოითხოვა პროცესის გადადება, რადგან საკითხის შეთანხმება ეკონომიკის მინისტრთან, ქუმსიშვილთან ვერ მოხერხდა.
როგორც ბლადაძის ადვოკატი, არჩილ კაიკაციშვილი ამბობს, სასამართლომ დანიშნა ექსპერტიზა ბათუმში, ამჟამად პაპუაშვილის კუთვნილებაში არსებული ქონების შესაფასებლად, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
“საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალაქ ბათუმში როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებასთან მიმართებით დაინიშნება სახელმწიფო ექსპერტიზა, რომელიც დაადგენს აღნიშნული ქონების დღეის მდგომარეობით საბაზრო ღირებულებას. სწორედ ამის შემდეგ მოხდება საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან ალტერნატიული ფართების გადაცემის პროცესის დაწყება”, _ ამბობს კაიკაციშვილი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ ბლადაძესთვის დღემდე შეთავაზებული ფართები ბათუმში მისთვის ჩამორთმეულ ქონებას არც ღირებულებით და არც ფართით არ შეესაბამება.
“ეკონომიკის სამინისტრო მზად არის განიხილოს ექსპერტიზის შემდგომ თუ რამდენი ალტერნატიული ფართი უნდა გადაეცეს ქონება ჩამორთმეულ ბლადაძეს. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი და გადაწყვეტილება. ეკონომიკის სამინისტრომ ითხოვა დრო მინისტრის დაბრუნებამდე, რომ შემდგომ შეათანხმოს აღნიშნული საკითხი. ჩვენ ველოდებით ექსპერტიზის დაასკვნას. ჩვენი ვარაუდით ბათუმში ჩამორთმეული ქონების სადღეისო ღირებულება საშუალოდ 200 000 აშშ დოლარის ფარგლებშია, შესაბამისად, სახელმწიფო ვალდებული იქნება ამ თანხის ღირებულების ალტერნატიული ფართი გადასცეს ბლადაძეს. ამ დრომდე შემოთავაზებული ფართები, რომელიც სახელმწიფომ წარმოუდგინა ბლადაძეს, გაცილებთ დაბალი კვადრატულობის და ღირებულებისაა ვიდრე ჩამორთმეული ქონების დღევანდელი ღირებულება”, _ამბობს კაიკაციშვილი და იმედს გამოთქვამს, რომ დავა ქვეყნის საზღვრებს გარეთ არ გაგრძელდება.
შეგახსენებთ, რომ სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის დირექტორის ყოფილი მოადგილე, როლანდ ბლადაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს და ეკონომიკის სამინისტროს უკანონოდ ჩამორთმეული ქონების ანაზღაურებას ალტერნატიული ფართით სთხოვს.
აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლომ 2016 წელს, ხოლო სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს ბლადაძის მხარის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
საქმის განხილვა საქართველოს უზენაეს სასამართლოში 26 აპრილს 12 საათზე განახლდება.