ბარნოვის ქუჩაზე მოკლული თაკო გამრეკელაშვილის შვილები დღეიდან ფსიქოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან.
ოჯახმა დახმარებისთვის სახელმწიფოსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს მიმართა. თაკო გამრეკელაშვილის მამის განცხადებით, ბავშვების ფსიქოლოგიური მდგომარეობა მძიმეა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსი ეთერ ცხაკაია აცხადებს, პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ. ბავშვები ხან აცნობიერებენ მომხდარ ტრაგედიას, ხან კი დედის მოლოდინში არიან.
„გუშინ კახეთის სამხარეო ცენტრის უფროსი სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი იმყოფებოდნენ ვიზიტზე. ისინი გაეცნენ ბავშვების მდგომარეობას და საჭიროებებს. პატარებს სიტუაციის არასრულფასოვანი აღქმა და ფაქტების გაორებული ხედვა აქვთ, პერიოდულად უარყოფენ მომხდარს, ზოგჯერ კი აცნობიერებენ ტრაგიკულ მოვლენას“, _ ამბობს ცხაკაია.
სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს უფროსის თქმით, ბავშვებს ამ დროისთვის მეურვეობას დეიდა უწევთ.
„სოციალურმა მუშაკმა ბავშვებთან სამუშაოდ და დახმარების აღმოსაჩენად ოჯახის წევრთა შორის შეარჩია დეიდა, რადგან მას ბავშვების აღზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. დეიდას კითხვებს უპასუხა ფსიქოლოგმა“, _ ამბობს ცხაკაია.
მისივე თქმით, ბავშვებს დაკრძალვის შემდეგ სიტუაცია უნდა აუხსნან და საჭიროების მიხედვით მუდმივი მეთვალყურეობა გაეწევათ ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის მხრიდან.
„დაკრძალვის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად უნდა განემარტოთ სიტუაცია, რათა არ ჰქონდეთ ცრუ მოლოდინი და მათ აზროვნებას დამატებით ტრავმა არ მიადგეს. ოჯახს აქვს ფსიქოლოგის და სოციალური მუშაკის საკონტაქტო ინფორმაცია, გაეწევა მუდმივი მეთვალყურეობა და კონსულტირება საჭიროების მიხედვით“, _ამბობს ცხაკაია.
შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს, საღამოს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი, რომელიც მკვლელობის მომენტისთვის შვილებთან ერთად მარტო იმყოფებოდა. ის ბავშვების თვალწინ მოკლეს.