ჩვენ ფაქტებზე ვაკეთებთ შესაბამის კომენტარებს და ფაქტებს ვარქმევთ სახელს, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის ბრალდების საპასუხოდ განაცხადა, სადაც აბაშიშვილი “ქართულ ოცნებას”, “ევროპულ საქართველოსთან” ერთად, პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაში ადანაშაულებს.
ეკა ბესელია გამორიცხავს მმართველი გუნდისა და “ევროპული საქართველოს” რაიმე ტიპის ერთობას.
“არა თუ არ მიმიღია ეს სერიოზულ განცხადებად, შეიძლება ამაზე გავიღიმოთ და გავაგრძელოთ გზა და შეიძლება არ გავიღიმოთ და სერიოზული სახით გითხრათ, რომ არა, რა თქმა უნდა, გამორიცხულია, რაიმე ტიპის ერთობა იმიტომ, რომ აქ არის ღირებულებათა და ფასეულობებათა აბსოლუტური სხვაობა”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
ცნობისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს ,,ქართული ოცნებისა“ და ,,ევროპული საქართველოს“ წევრების მონაწილეობით.
,,პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს “ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა”, _ განაცხდა აბაშიშვილმა.