საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელი პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს გამოეხმაურა. როგორც დეპუტატმა განაცხადა, საქმესთან დაკავშირებით გარკვეული უწყებების მიერ შეცდომის აღიარების მაგივრად, დანაშაულის ერთმანეთზე გადაბრალების მცდელობა იხილა, რაც, მისი თქმით, სამწუხაროა.
,,მინდა შევეხო მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც არა მხოლოდ ახალგაზრდა ქალი ემსხვერპლა, არამედ ორი შვილიც, რადგან ისინი მთელი ცხოვრების განმავლობაში ატარებენ ამ დღის დაღს. ეს არის შედეგი ტრაგიკული შეცდომის, მსჯავრდებულების შეწყალება, თავისთავად, ურთულესი გადაწყვეტილებაა, რეციდივების წინასწარ გამორიცხვა შეუძლებელია, სადაც ადამიანი არის, იქ შეცდომა ყოველთვის იარსებებს, თუმცა სამწუხარო ის არის, რომ შეცდომის აღიარების მაგივრად, შეცდომის გამოსწორების გზების ძიების მაგივრად, ბოდისა და სინანულის გამოთქმის მაგივრად, ჩვენ მოვისმინეთ კორიანტელი გასამართლებელი არგუმენტებისა. იყო გადაბრალების მცდელობა, დოკუმენტების უზუსტობა, არ გადმოცემა, შეწყალების კომისიისა და თვით პრეზიდენტის განზრახ შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დადანაშაულება და ბოლოს აბსურდი პოლიტიკური დევნის ბრალდებები და ეს ყველაფერი პოლიტიკურ დებატებში გადაიზარდა, ამ დროს გამართლებისა გადაბრალების ძიებაში დაბნეულებს დაავიწყდათ მთავარი, იურიდიული პრინციპი, სადაც არსებობს დისკრეციული უფლებამოსილება, იქ არის ასევე სრული და განუყოფელი პასუხისმგებლობა, ეს პრინციპი კარგად იცოდნენ ჩვენმა წინაპრებმა და ტყუილად არ დაიწერა ,,გალობანი სინანულისანი“, ამიტომ აქ სწორი რეაგირება იქნებოდა ჯერ შეცდომის აღიარება და სინანულის გამოთქმა და შემდეგ გამოსწორების გზების ძიება“, -განაცხადა ზურაბიშვილმა.