საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, უწყების ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ჩართვისას, მის მიერ დაანონსებულ ეკონომიკურ პროექტებზე ისაუბრა. მინისტრი სასტარტო კაპიტალის რეფორმასა და მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრის საკითხებს შეეხო. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, იგი ჭარბვალიანობის პრობლემის აღმოფხვრასთან დაკავშირებით ძალიან პრინციპული ინება. როგორც მინისტრმა განაცხადა, აღნიშნული პრობლემა მოსახლეობისთვის საკმაოდ მტკივნეულია და მის გადაჭრას ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება.
“ჭარბვალიანობის პრობლემა გადაზრდილია ისეთ მასშტაბში, რომელსაც სისტემური მიდგომა და ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება. ეკონომიკური გუნდი, ეროვნულ ბანკთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტზე მუშაობს, რომლიც აღნიშნულ პრობლემას მოაგვარებს. ჩვენ არათუ შევამცირებთ ჭარბვალიანობას მოსახლეობაში, არამედ გავაკეთებთ სრულფასოვან პრევენციას იმისა, რომ ეს აღარ იყოს ასეთი სისტემური პრობლემა“ – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
მისივე თქმით, მოსახლეობაში ჭარბვალიანობის პრობლემას არის არასამართლიანი მიდგომის კლასიკური მაგალითი. მინისტრის განმარტებით, ჭარბვალიანობა მოსახლეობაში იმ მარტივი მიზეზის გამო დაგროვდა, რომ სესხის გაცემისას შემოსავლის დადასტურებას არავინ ითხოვდა. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის მიუღებელი პრაქტიკა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, ახალი რეგულაციები მნიშვნელოვან წილად შეამცირებს ჭარბვალიანობას. მისივე თქმით, ბიზნესი უნდა განვითარდეს, მაგრამ ამავდროულად მოქალაქეების უფლებები დაცული უნდა იყოს.