დღეს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა შეიკრიბება. როგორც ცნობილია, “ქართული ოცნების” ლიდერებს შორის შეთანხმება ჯერჯერობით ვერ შედგა. ორკვირიანი საჯარო დაპირისპირების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატები მოლაპარაკებათა მაგიდასთან უნდა დასხდნენ. როგორ გადანაწილდება უმრავლესობა და ვისი უპირატესობით დასრულდება უთანხმოება? _ ეს არის მთავარი კითხვები, რომელზე პასუხიც სწორედ უმრავლესობის სხდომის შემდეგ უნდა გახდეს ცნობილი.
უმრავლესობის წევრი მამუკა მდინარაძე “ქართული ოცნების” გუნდში დაპირისპირებას უარყოფს და მცირე უთანხმოებაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, უახლოეს მომავალში დალაგდება.
“არანაირი გადაჯგუფებები უმრავლესობაში არ არსებობს. იყო ცალკეული განცხადებები, რომლებმაც გარკვეული უხერხულობა შექმნა და თქვენ მოგცათ იმის თქმის საფუძველი, რომ არის მწვავე დაპირისპირება გუნდში, მაგრამ ასეთი რეალურად არ არის,”-განაცხადა მდინარაძემ.