დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ დღის წესრიგით გათვალისწინებული შვიდი საკითხი მოისმინა, რომელთა შორის არცერთს არ გამოუწვევია ისეთი კამათი, როგორიც მოჰყვა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ, ერთ-ერთი დამატებითი საკითხის განხილვას.
იგი შეეხებოდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრულ საშტატო ნუსხაში ცვლილებების შესახებ მოსმენას.
პროექტის, რომლის ინიციატორიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაა, საკითხის სახით განხილვა დაევალა კომისიებს და ფრაქციებს.
როგორც იურიდიული სამსახურის უფროსმა ლაშა თავაძემ აღნიშნა, საჭიროა რიგ რანგებში, ასევე, რამდენიმე თანამდებობის კატეგორიის ცვლილება, რაც მოქმედ კანონს უნდა მიესადაგოს. აღნიშნული ცვლილება, თავაძის თქმით, აუცილებლად გამოიწვევს ხელფასის ცვლილებას.
დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ ბესო ქათამაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ უკვე ყოფილ ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიას, სანამ არჩევნები იქნებოდა, მანამ ჰქონდა განსაზღვრული, ვინ სად უნდა დაენიშნა. მერე კი, როცა მათთვის არასასურველი შედეგი დადგა, აღმოჩნდა, რომ რანგირება ისეთ თანამშრომლებსაც ჰქონდათ მინიჭებული, რომლებსაც ცენზი არ გააჩნდათ და დღეს ამის გამო 39 მუშაკს ხელფასი უმცირდება.
ლაშა თავაძემ განმარტა, რომ მობილობის პროცესი მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში უნდა იყოს:
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე კატეგორიულად არ დაეთანხმა თავაძეს და თქვა, რომ სახეზეა მობილობის პროცესის გახორციელება კანონის უგულებელყოფით. მისივე თქმით, სწორედ კანონდარღვევამ გამოიწვია ეს ყველაფერი და საჯარო სამსახურის ბიურომ ჯერ კიდევ გასულ თვეებში მიმართა მერიას წერილობით, რომ ხარვეზი გაესწორებინა.
_ თუმცა, ეს არ გაითვალისწინეთ პირველ აპრილამდე. ამიტომ სრული პასუხისმგებლობა ამ პროცესზე გეკისრებათ თქვენ, _ მიმართა ღურჯუმელიძემ საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მყოფ მერიის წარმომადგენლებს.