მსახიობი ელენე საყვარელიძე ერთ ამბავს ხშირად იგონებდა.
“სურათში “მაგდანას ლურჯა” მენახშირის როლმა დიდი პოპულარობა მოუტანა კარლო საკანდელიძეს. მართალია, ფილმში კარლოს მაგივრად ოპერის მომღერალი გივი ტორონჯაძე ასრულებს სიმღერას “მენახშირე ბიჭი ვარ”, მაგრამ არც კარლო მღერის ნაკლებად და როცა ზაფხულობით კონცერტებით დავდიოდით, კარლო სულ “ბისებზე” მღეროდა მის სიმღერას. ხმამაღლა ვაცხადებდით “კინოფილმის მონაწილეო” და სოფლებში ამას დიდი ფასი ჰქონდა.
ერთ-ერთი კონცერტის შემდეგ კარგი ვახშამი გაგვიმართეს და ღამის ორ საათზე დავიძარით ხონისაკენ. ღამის 4 საათი იქნებოდა, ხონის სასტუმროს რომ მივადექით. ბევრი ვაკაკუნეთ, ბევრი ვიძახეთ და ბოლოს, როგორც იქნა, მეორე სართულიდან გადმოდგა საცვლების ამარა ბერიკაცი.
– რომელი ხარ, მაქანეო? – გვკითხა.
უძილო და დაღლილმა კარლომ მიახალა: „რომელი ვარ, თორემ, ერთბაშად არ მიცნო, გააღე ჩქარა კარი!“ ამის შემდეგ კარლო დადგა შუა ეზოში, ხელები გაშალა და დაიწყო სიმღერა: “მენახშირე ბიჭი ვარ, არ მაქვს ბინა, საფარი, ნახშირს ვყიდი ბედისგან ნახშირივით დამწვარი, ჰეეეე”.
მეორე სტროფი რომ დაამთავრა, სასტუმროს სხვა ფანჯრებშიც აინთო შუქი. იმ დარაჯს შარვალი ჩაუცვამს და სასტუმროს კარი გაიღო. შემდეგ კარლოს გაეხუმრა – არ მიცნობო, რაზე მითხარი, შენ ვინ არ გიცნობს ჩვენს მენახშირეს? – უთხრა და შინაურულად მოუთათუნა ხელი მხრებზე.”