მმართველი გუნდის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია საქართველოს მოსახლეობაზე უარყოფითად აისახება. ამასთან, როგორც ქუცნაშვილი აცხადებს, ნარკოტიკების დეკრიმინალიზაცია შავ ბაზარზე გაყიდვების მოცულობას გაათმაგებს.
,,ამ საკითხზე აჩქარება არ შეიძლება, იმ მიზეზის გამო, რომ ეს პოლიტიკა მრავალწახნაგოვანია, აქცენტი, ძირითადად, კეთდება მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე, მაგრამ ამ იდეის ავტორებს არ აქვთ გააზრებული მოხმარების დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში მომხმარებლები სად შეძენენ ამ ნარკოტიკს, მარტივად რომ ვთქვა, თუ ალკოჰოლის მოხმარება დეკრიმინალიზებულია, ალკოჰოლის გაყიდვაც დეკრიმინალიზებულია და თქვენ შეგიძლიათ ალკოჰოლი შევიძინოთ მაღაზიაში, სუპერმარკეტში, სოფელში და ა.შ. მაგრამ სად შეიძენენ ეს ადამიანები ნარკოტიკების? ამ კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე საკითხი ვერ იქნება გადაწყვეტილი. დეკრიმინალიზაციის შემთხვევაში ამ ადამიანებმა უნდა შეიძინონ ან სამოქალაქო ბრუნვის ბაზრიდან, სახელმწიფომ უნდა დაიწყოს ნარკოტიკებით ვაჭრობა. გამოდის, რომ მოხმარების დეკრიმინალიზაციით ვაათმაგებთ შავი ბაზრის გაყიდვების მოცულობას“, _ გვითხრა ქუცნაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ბიუროს სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ ახალი ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა ერთი თვით გადავადდა.