თეთრი ხმაურის მოძრაობამ შემდეგი აქცია შაბათს დააანონსა, მანამდე კი 14 მაისს მოძრაობის წევრები შს მინისტრს გიორგი გახარიას შეხვდებიან.
თხმ-ის აქციის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მინისტრმა პარლამენტთან შეკრებილებს მიმართა და ბოდიშიც მოუხადა. ამასთან, მინისტრმა იმ პოლიციელთა მიმართაც მოითხოვა იმ ადამიანების მიერ ბოდიშის მოხდა, რომლებსაც შეურაცხყოფას აყენებდნენ.
პარალელურად იშლებიან კონტრაქციის მონაწილეები. მათ თბილისის მერი კახა კალაძე და შს მინისტრი გიორგი გახარია შეხვდნენ. სამართალდამცველებმა წინააღმდეგობის გაწევისთვის 10-მდე ადამიანი დააკავეს.
11 მაისის ღამეს შსს-მ თბილისის ღამის კლუბებში სპეცოპერაცია ჩაატარა და 8 ნარკორეალიზატორი დააკავა. კლუბებში „ბასიანსა” და „გალერიში” ჩატარებული სპეცოპერაცია პარლამენტის შენობის წინ გააპროტესტეს. დღეს აქციის მეორე დღეა.
ბოლო პერიოდში, საქართველოში ალაპარაკდნენ ახალი ნარკოტიკის შესახებ, რომელმაც, არსებული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ახალგაზრდების სიცოცხლე იმსხვერპლა.