როგორც ჩანს, გეოგრაფიის და ისტორიის სახელმძღვანელოს მესამედ რედაქტირება მოხდება, კარგა ხანს ითვლებოდა, რომ ამერიკა კოლუმბმა აღმოაჩინა, ახლა როგორც ჩანს კოლუმბი მესამე ადგილზე გადაინაცვლებს.
მეცნიერი, ჩინური ხელნაწერების სპეციალისტი ჯონ რუსკამპი მივიდა დასკვნამდე, რომ კოლუმბამდე 2800 წლის წინ ამერიკის კონტინენტს ჩინელები სტუმრობდნენ.
მანამდე მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ პირველად ამერიკის კონტინენტს კოლუმბამდე 500 წლით ადრე ვიკინგები სტუმრობდნენ, კერძოდ ლეაფ ერიქსონი, ახლა კი სკანდინავიელს და იტალიელს ჩინელებმა გაასწრეს.
„პირველად ეჭვი რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, – იხსენებს ჯონ რუსკამპი. ითვლება, რომ ნახატები და პიქტოგრამები ქვებზე ადგილობრივმა ამერიკელებმა და პირველმა ესპანეთიდან გადასახლებულებმა ამოტვიფრეს. მთლიანად დაახლოებით 25 000 ასეთი გამოსახულება არსებობს, ერთ-ერთი რაღაცას მახსენებდა და უცებ გონება გამინათდა, ეს ხომ ჩინური იეროგლიფია „ჯოუ”, რომელიც ჩინურ ნავს ნიშნავს“!
რუსკამპმა შეისწავლა პეტროგლიფები მთლიანად ამერიკის ტერიტორიაზე და აღმოაჩინა 84 პიქტოგრამა, რომელიც ზუსტად შეესაბამებოდა ჩინურ იეროგლიფებს.
მაგალითად არიზონაში აღმოჩენილი იქნა ქვა წარწერით: „10 წლიანი მოგზაურობის და განშორების შემდეგ დავბრუნდით და შევუერთდით მზის სახლს.”
არსებობს ცნობილი უძველესი შან ხან ცზინის ჩინური ტრაქტატი – „წიგნი მთებსა და ზღვებზე”, სადაც მოხსენიებულია საიდუმლო ექსპედიცია, რომელმაც გადაკვეთა აღმოსავლეთის ზღვა(წყნარი ოკეანე) და მიაღწია შორეულ მიწებს, სადაც მზე ამოდის. გამოდის რომ ჩინელები ამერიკას მზის სახლს ეძახდნენ.
კიდევ ერთი წარწერა, რომელიც მსხვერპლთშეწირვას შეეხება: „ჩვენ მოწიწებით შევწირეთ ძაღლი დიდ ცზია შანს და ზეციურ მფარველს.”
„ყველაფერი ემთხვევა – აცხადებს მეცნიერი, – ცზია შანი შანების დინასტიის მესამე მეფე იყო, ის მეფობდა 2000 წელს ჩვ. წ. აღრიცხვამდე. ზუსტად იმ პერიოდში ჩინეთში პოპულარული იყო ძაღლების მსხვერპლად შეწირვა. უფრო მეტიც, იეროგლიფი ზუსტად შეესაბამება იმ დროინდელ ჩინურ სამეფო ეტიკეტს. იმ პერიოდში მეფის სახელის წინ ურთავდნენ იეროგლიფ „და”-ს, რაც „დიდს”, „დიდებულს” ნიშნავდა“.
მეცნიერები უკვე დაინტერესდნენ ამ აღმოჩენით, თუმცა დასკვნების გამოტანას არ ჩქარობენ.