პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ,,გურია ნიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ ,,ქართული ოცნებისთვის“ გონივრული გადაწყვეტილება იქნება, თუ მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატად საპენსიო ასაკის მქონე პოლიტიკოსს დაასახელებს. ამასთან, როგორც ცინცაძე აღნიშნავს, მაღალი ხარჯებიდან და პრეზიდენტის უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სჯობს პრეზიდენტის ინსტიტუტი საერთოდ გაუქმდეს.
,,მას შემდეგ, რაც თბილისის მერად დაასახელეს და გაამარჯვებინეს ნარმანიას, რომლის შემოქმედების შედეგს დილიდან საღამომდე იწვნიეს თბილისის დღევანდელი მერი, ყველაფერი მოსალოდნელია. ჩემთვის საინტერესოა მმართველ გუნდს როგორ სისტემურად და მიზანმიმართულად უშლის ნერვებს მარგველაშვილი, ეს სახალისოც არის. გონივრული იქნებოდა ,,ქართულ ოცნებას“ საპრეზიდენტო კანდიდატად დაესახელებინათ საპენსიო ასაკის მქონე პოლიტიკოსი. სიმართლე გითხრათ, ახალგაზრდა, ენერგიული და კრეატიული აზროვნების მქონე პოლიტიკოსი პრეზიდენტის პოსტისთვის არ მემეტება. საერთოდ არ ვიქნებოდი წინააღმდეგი, მაღალი ხარჯებიდან გამომდინარე, პრეზიდენტის ინსტიტუტი გაუქმდეს. პრეზიდენტს არავის სთხოვს, გასცეს პასუხი კითხვებს: რატომ გაიზარდა კრიმინალი, რატომ გაიზარდა ნარკომანია, რატომ არის უმუშევრობა, რატომ უფასურდება ლარი, რატომ არის ფარული ინფლაცია, მას არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნია“, _ გვითხრა ცინცაძემ.