ამ წუთებში ხორავას ქუჩაზე მოკლული დათო სარალიძის მამა პრესკონფერენციას მართავს.
“მინდა აღვნიშნო, რომ პირველად ვარ იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი მოკლეს, მაგრამ მე არ მაქვს უფლება, ემოციებს ავყვე. მინდა მოვუწოდო მთელ საქართველოს ყველას დამიდგნენ გვერდით. მივმართავ ყველა პოლიტიკური პარტიას. მმართველი გუნდი იქნება ის თუ ოპოზიციური, დამიდგნენ გვერდით რომ ვამხილოთ ის სიმართლე, რომელსაც პროკურატურა უკვე რამდენიმე თვეა მალავს.
27 მაისს, 7 საათზე, პარლამენტის წინ სამართლიანობის მოთხოვნით ვმართავთ აქციას. მთელ საქართველოს ვთხოვ, მოხვიდეთ და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით, _ თქვა ზაზა სარალიძემ.
ზაზა სარალიძე დღეს მთავარ პროკურორს უნდა შეხვდეს. ჟურნალისტის კითხვაზე აქცია მაინც შედგება თუ არა, სარალიძე პასუხობს, რომ ეს დამოკიდებული იქნება შეხვედრის შედეგევზე.
შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, 2 დეკემბერს მეორე მოზარდიც დაიღუპა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის გამო 2001 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 დეკემბერს დააკავეს. მანამდე, პროკურატურამ ამ დანაშაულისთვის ორი პირი პასუხისგებაში მისცა. 4 დეკემბერს კი, სასამართლომ მათ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.