პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ,,ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრი ელენე ხოშტარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურამ და სასამართლომ სილა გააწნა.
,,ეს ის მომენტია, როდესაც პარლამენტი გადამწყვეტად უნდა ჩაერიოს ამ საქმეში. ადამიანი საუბრობდა პროკურატურის მხრიდან სერიოზულ ხარვეზებზე, არ გვინდა სპეკულაცია, რა და როგორ იყო, ეს ჩვენ ვერ გვეცოდინება, მაგრამ საუბრობდა, რომ მას აქვს ეჭვი, რომ ვიღაცას აფარებენ ხელს და შედეგად ჩვენ მივიღეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ამ ადამიანს ისედაც დაჩაგრულს სახელმწიფოს მხრიდან, ეუბნებიან, რომ შენი შვილის მკვლელი არ არსებობს. შევხედოთ ამ ადამიანს მოქალაქის თვალით, რა მდგომარეობაშია, როგორ გრძნობს სახელმწიფოს წინაშე თავს. ადამიანი, რომელიც ეძებდა სამართალს, არათუ არაფერი გავაკეთეთ, პირიქით, პირდაპირ სილა გააწნა პროკურატურამ, რომელიც ეუბნება ამდენი თვის განმავლობაში, რომ შენი შვილის მკვლელი ბუნებაში არ არსებობსო“, _ განაცხადა ხოშტარიამ.