სამოქალაქო სექტორის ნაწილი იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ გაერთიანდა. ისინი თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვენ. მათი თქმით, ახალი მთავარი პროკურორი ძველმა იუსტიციის მინისტრმა აღარ უნდა შეარჩიოს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მთავრობას მიმართავენ და სთხოვენ, თეა წულუკიანი გადააყენონ.
„მივმართავთ საქართველოს მთავრობას, გადააყენოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში მან ვერ გაართვა თავი ამ მნიშვნელოვან მისიას, რასაც მართლმსაჯულების სექტორში რეფორმა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ პირობების გათვალისწინებით, არ არის სწორი, თუკი ჩვენ ჩავერთვებით კონსულტაციაში მასთან იმ პროცესში, რასაც მთავარი პროკურორის არჩევა ჰქვია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ შემთხვევაში ეს ადამიანი არ იქნება მიმართული იმისკენ, რომ მართლაც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ღირსეული მთავრი პროკურორი აარჩიოს, ამიტომ, ჩვენ მას მაგიდასთან არ დავუჯდებით,“- განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ეკა გიგაურმა.