პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, წულუკიანის გადადგომის შესახებ არაეფექტურ ნაბიჯად აფასებს. როგორც ხუხაშვილი ,,გურია ნიუსს“ ეუბნება, სამოქალაქო საზოგადოება პრობლემას ვიწრო ჭრილში ხედავს და საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ხუხაშვილი არა მხოლოდ წულუკიანის გადადგომაზე, არამედ სისტემური ცვლილების აუცილებლობაზე მიუთითებს.
,,მიმაჩნია, რომ პერსონალური გადაადგილება არ არის ეფექტური ნაბიჯი, გვჭირდება მთლიანად მმართველობითი სისტემის შეცვლა, როგორც შინაარსობლივად, ასევე პერსონალურად. თუ ვინმეს ჰგონია, რომ თეა წულუკიანის შეცლა ამ მდგომარეობას შეცვლის ძალიან ცდება. ვწუხვართ, რომ სამოქალაქო სექტორი ავიწროვებს პრობლემას და ხშირ შემთხვევაში, საკუთარი სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე იწყებს მოქმედებას. ასეთ ადამიანებს თავიანთი მერკანტინული გეგმები აქვთ, წულუკიანს გაუშვებენ და თავიანთ წარმომადგენელს დანიშნავენ, ამით რა შეიცვლება? მარტო თეა წულუკიანი კი არ არის პრობლემა, პრობლემა მთლიანად მმართველობითი სისტემაა, რომელმაც კონტრაქტი დაუდო მურუსიძეს. მმართველობითმა სისტემამ უნდა შეწყვიტოს კონტრაქტი ურჩხულთან, ანუ კოლექტიურ მურუსიძესთან და სუფთა ფურცლიდან დაიწყოს სახელმწიფოებრივად გამართული, ჯანსაღი სისტემის მიღება“,_ გვითხრა ხუხაშვილმა.
მთავარი პროკურორის კანდიდატურასთან დაკავშირებით ხუხაშვილი აცხადებს, რომ ,,თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძისგან უკვირს, რომ იმ პარტიის კანდიდატი გახდა, რომლებიც სისტემის შემქმნელები არიან. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებისთვის ყველაზე კომპეტენტური კანდიდატი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი იქნება.
,,რაც შეეხება მთავარი პროკურორის კანდიდატურას, მე გამიკვირდა შალვა შავგულიძისგან, რომ სისტემის იდეოლოგების კანდიდატი გახდა. ბოკერიას კანდიდატობაზე ხელი როგორ მოაწერა შავგულიძემ? შალვა შავგულიძეს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ პრინციპულად მიუღებელია, როცა ის არის იმ ადამიანების წარმომადგენელი, რომლებიც პრობლემის შემქმნელები არიან. ვფიქრობ, რომ ყველაზე ლოგიკური და კომპრომისული კანდიდატი, რომელიც ხელისუფლებამაც შესაძლოა მიიღოს, კახა კახიშვილია. კახიშვილი არის ხელისუფლების ნაწილი და თავისი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ სისტემის რეფორმატორია. ამასთან, კახიშვილს აქვს საპროკურორო გამოცდილება, შესაბამისად, მასზე კარგ კანდიდატს ვერ ვხედავ“,_ გვითხრა ხუხაშვილმა.
ცნობისთვის, არასამთავრობო სექტორი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გადადგომას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, თეა წულუკიანი მართლმსაჯულების სისტემის ერთ-ერთი შემოქმედია.