საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ,,ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა, რომ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ქვეყნის ჩამონგრევა, დაშლა და დესტაბილიზაცია სურთ. ,,ნუ აიგივებთ თავს სარალიძესთან, იმიტომ, რომ სარალიძე არის ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლიანობას“, _მიმართა თალაკვაძემ ოპოზიციას.
,,ბიუროს სხდომაზე ,,ნაციონალური მოძრაობა“ გამოვიდა კატეგორიული მოთხოვნით, რომ შექმნილიყო საგამოძიებო კომისია. მათ ეგონათ, რომ სახელისუფლებო გუნდი მხარს არ დაუჭერდა ამ მოთხოვნას. როგორც კი დაინახეს, რომ ჩვენ პრინციპულად მხარი დავუჭირეთ კომისიის შექმნას , მათ შეცვალეს თავიანთი გადაწყვეტილება და დღეს ამბობენ, ამ ყველაფერს აზრი არ აქვს და კომისიის შექმნა არა ეფექტური ნაბიჯიაო. სად არის თქვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. როდესაც ნახევარ საათში მთლიანად ცვლით თქვენს პოზიციას ხალხმა როგორ უნდა დაგიჯეროთ და გენდოთ. ნუ აიგივებთ თავს სარალიძესთან იმიტომ, რომ სარალიძე არის ადამიანი, რომელიც ითხოვს სამართლიანობას. თქვენ კი ხართ ადამიანები, რომლებიც ითხოვენ ქვეყნის ჩამონგრევას, დაშლასა და დესტაბილიზაციას, მაგრამ ამას ვერ მიიღებთ, ეს პროცესი ვერ გასცდება პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატებს“,_ განაცხადა თალაკვაძემ.