ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის ერთ-ერთი სამსახურის თანამშრომელს, რომლის ვინაობასაც ჩვენ მისივე თხოვნით არ ვახმაურებთ, მუშაობის დროს, თავზე, ჭერიდან ჩამოვარდნილი ბათქაში დაეცა.
_ საბედნიეროდ, დაზიანება არ მიმიღია, თუმცა, არ ვიცი, რა იქნება მომავალში. ყველა ოთახში ასეთი მდგომარეობაა _ დაბზარული კედლები, დაზიანებული იატაკი.
წლებია გვპირდებიან, რომ რემონტს გააკეთებენ, თუმცა, უშედეგოდ, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას დაზარალებულმა.
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის გარემონტების აუცილებლობაზე აქ მომუშავე ადამიანებიც საუბრობენ. მათი თქმით, შენობაში არ არსებობს მოწესრიგებული სველი წერტილები, არ არის სამზარეულო, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ჩვენტან საუბრისას ადასტურებს, რომ ადმინისტრაციული შენობა რემონტს საჭიროებს:
“შენობა რემონტს ნამდვილად საჭიროებს, თუმცა ჩვენი პრიორიტეტი ყოველთვის იყო ნაკლები თანხა დაგვეხარჯა პირად კომფრორტზე და მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
ამის ნათელი მაგალითია, რომ ორი წლის წინ უარი ვთქვით შენობის რეაბილიტაციაზე დავასრულეთ აგრარული ბაზრის მოწესრიგება. წელს, ადმინისტრაციულ შენობაში მცირე სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარებას ვგეგმავთ”, _ გვითხრა კუჭავამ.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაშიი განთავსებულია ჩოხატაურის მერია, საკრებულო, საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მაჟორიტარი დეპუტატი ბიურო, სოფლის მეურნეობის სამსახური.