ქალაქ ფოთის საკრებულოს, 2018 წლის 30 მაისის დადგენილებით, ადამიანების ძაღლებთან, კატებთან და სხვა შინაურ ცხოველებთან სქესობრივი აქტი (ზოოფილია) სასტიკ მოპყრობად და წამებად ჩაითვლება, რაც შესაბამის პასუხისმგებლობას გამოიწვევს.
საკრებულოს დადგენილებაში, რომელიც კატების, ძაღლების და სხვა შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობის და პოპულაციის მართვის წესს შეეხება, ასევე იკრძალება მათთვის ბიბილოს, ნისკარტის, ფრთების მოჭრა, ჩლიქების ან ეშვების დამახინჯება, ბუმბულის მოგლეჯა და ა.შ.
მუხლი 10. ცხოველთა დაცვა სასტიკი მოპყრობისაგან1. დაუშვებელია ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობა და წამება, მსგავსი ქმედებების ნებისმიერი ხელშეწყობა, ცხოველისადმი ძალადობისკენ მოწოდება.
2. ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად და წამებად ითვლება:
ა) ცხოველის ცემა გაწვრთნის მიზნით, ან ისეთი გაწვრთნის მეთოდის გამოყენება, რომელიც ავნებს მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას. განსაკუთრებით ისეთი მეთოდ(ებ)ის გამოყენება, რომელიც ეწინააღმდეგება მის ბუნებრივ თვისებებსა და თავისებურებებს, და მიაყენებს ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ ტრავმას, ტკივილსა თუ ტანჯვას, ასევე ისეთი ქმედება, რომლის შედეგადაც ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს და რომელიც გამოიწვევს ცხოველის მენტალურ ტანჯვას, ფიზიკურ ტრავმას ან დასახიჩრებას;
ბ) ცხოველთა გაგდება და მიტოვება;
გ) ცხოველების გამოყენება სამიზნეებად;
დ) საჭიროების შემთხვევაში ცხოველისათვის ვეტერინარული დახმარების აღმოუჩენლობა;
ე) ცხოველებზე ანესთეზიის გარეშე ჩატარებული ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია;
ვ) მეპატრონის მიერ ცხოველისადმი სასტიკი ქმედების შემთხვევაში, ასევე შესაბამისი მოვლა-პატრონობის პირობების დარღვევისათვის უფლებამოსილი ორგანოს ან/და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი სამართალდამცავი ორგანოს ჩარევით ჩამოერთმევა ცხოველი მეპატრონეს და გადაეცემა თავშესაფარს, ამ შემთხვევაში მეპატრონეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს ცხოველის უკან დაბრუნებით მიზნით;
ზ) ვეტერინარული პროცედურები, რომელთა მიზანია ცხოველის გარეგნობის ან ფიზიოლოგიური ფუნქციების შეცვლა (ყურების, ყბის ძვლის, ბიბილოს, ნისკარტის, კუდის მოჭრა, ხმის სიმების, კლანჭების, ფრთების, ჩლიქებისა და ეშვების დამახინჯება ან მოცილება, ბუმბულის მოგლეჯა, სმენის დაქვეითება და სხვა), ასევე, ცხოველის სხეულის ნაწილის სტრუქტურის შეცვლა, იქნება ეს რბილი ქსოვილები თუ ძვლები; გამონაკლისს წარმოადგენს ცხოველის სტერილიზაცია და კასტრაცია ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ვეტერინარის გადაწყვეტილებით განხორციელებული ვეტერინარული პროცედურები;
თ) ცხოველის წვრთნის პროცესში მისი აგრესიისკენ მოწოდება და წახალისება მისივე სახეობის, თუ სხვა ცხოველის ან/და ადამიანების საწინააღმდეგოდ, გარდა სამსახურეობრივი წვრთნის შემთხვევებისა;
ი) ცხოველების ყოლა ისეთ პირობებში, რომლებიც არ შეესაბამება მათ სახეობას, ასაკს, ფიზიოლოგიურ და ბუნებრივ ქცევას;
კ) ცხოველის გამოყენება რეკლამაში, კინოგადაღებაში, ფოტოგრაფიაში, გამოფენებსა და სხვა ღონისძიებებში, სადაც ცხოველებს ადგება ტკივილი, შიში, მწუხარება, ტანჯვა და თუ ასეთი ღონისძიებების დროს ცხოველს აიძულებენ გასცდნენ ბუნებრივი შესაძლებლობების ზღვარს, ან სადაც ცხოველი შეიძლება დასახიჩრდეს ფიზიკურად ან მენტალურად;
ლ) ზოოფილური აქტები ცხოველებთან;
მ) ცხოველების გამოყენება სხვადასხვა სამეცნიერო ექსპერიმენტებისათვის და ლაბორატორიული ცდების ჩატარება მათზე, ,,ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – სამეცნიერო ქირურგიული ექსპერიმენტები დასაშვებია მხოლოდ ისეთი ცხოველის ლეშზე, რომელიც ბუნებრივი სიკვდილით მოკვდა, ლაბორატორიული ცდების, კვლევების ჩატარება დასაშვებია ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილის მიყენების გარეშე;
ნ) სხვა ქმედებები, რომლებიც იწვევენ ცხოველის ფიზიკურ თუ ფსიქიკურ ტანჯვას.
დადგენილების თანახმად, ზემოთ ჩამოთვლილი მუხლების დამრღვევ პირთა მიმართ გავრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლი, ხოლო მეპატრონეს დაუყოვნებლივ ჩამოერთმევა ცხოველი და სპეციალურ თავშესაფარს გადაეცემა. მეპატრონეს უფლება ექნება სარჩელით მიმართოს სასამართლოს და ჩამორთმეული ცხოველის დაბრუნება მოითხოვოს.