ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის დაკავებას ეხმაურება.
ზაზა სარალიძემ შსს-ში გაკეთებულ განცხადება კურიერთან შეაფასა და აღნიშნა, რომ შსს მას ეთამაშება. მოკლული მოზარდის მამის თქმით, მირზა სუბელიანის შემთხვევაში მხოლოდ დანაშაულის დაფარვაზე არ უნდა იყოს საუბარი და უნდა დააკავონ ასევე, ყველა ის პირი, ვინც ყოფილი მაღალჩინოსნის მითითებებს ასრულებდა.
„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ კერავდნენ მისი დავალებით პროკურორები, იმასაც მოვუსმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე, რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც შეკერეს ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან რა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება. ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.