დღეს, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის გათამაშების 1/16 ფინალის შეხვედრები გაიმართა. ლანჩხუთში ადგილობრივი „გურია“ უმაღლესი ლიგაში მყოფ ფოთის „კოლხეთს“ მასპინძლობდა და 1:0 დაამარცხა მეტოქე.
შეხვედრა მესამელიგელთა დიდი უპირატესობით დაიწყო და შესვენებამდე იმდენი მომენტი შეიქმნა ფოთელთა კართან, ანგარიში 1:0 კი არა, მინიმუმ, სამბურთიანი უნდა ყოფილიყო.
მატჩის ერთადერთი გოლი 30-ე წუთზე გავიდა, როცა პენალტი თენგიზ ჩიკვილაძემ ზუსტად გამოიყენა.
ამას გარდა, გოლების გატანა მართებდათ ბექა ზაქრაძეს (ორჯერ), გოჩა კვარაცხელიას და ალექსანდრე შენგელიას, მაგრამ უხეიროდ დარტყმული ბურთები, კარს სცდებოდა.
შესვენების შემდეგ „კოლხეთმა“ თითქოს სცადა თამაშის გადარჩენა, მაგრამ ფრთხილად მოთამაშე მეტოქეს, ხეირიანი მომენტი მაინც ვერ შეუქმნა. მსაჯმა 59-ე წუთზე გუნდები კაცნაკლული დატოვა. სტუმარ ბორის მახარაძეს და მასპინძელ გიორგი გურეშიძეს, ურთიერთშელაპარაკება ჯერ ერთ ყვითელ ბარათად დაუჯდათ, ერთ წუთში კი ორივე ხელმეორედ გააფრთხილეს და გააძევეს კიდეც.
ბოლო წუთებში თითქოს დაიძაბა სიტუაცია, მაგრამ შედეგის შესაცვლელად ეს საკმარისი არ გამოდგა.
„გურიამ“ ამ მოგებით თასის მერვედფინალურ ეტაპზე გააღწია და თან პრემიალური 10 ათასი ლარიც მიიღო.