,,ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე ,,გურია ნიუსთან“ მომავალ პრემიერ -მინისტრზე საუბრობს. როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი გვეუბნება, ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე მისთვის მისაღებია და მხარს დაუჭერს.
,,მამუკა ბახტაძეს, როგორც ფინანსთა მინისტრს, კარგი ინიციატივები ჰქონდა. ჩვენი ხედვები ემთხვევა ბანკებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, ბანკები არიან ეკონომიკის არა განმავითარებლები, არამედ შემფერხებლები. ვფიქრობ, ბახტაძე პრემიერ-მინისტრის პროგრამითაც თუ წარსდგება ეს მისი პრიორიტეტი იქნება. რა თქმა უნდა, მხარს დავუჭერ და მივესალმები მის კანდიდატურას“,_ გვითხრა ჭიჭინაძემ.
გარდა ამ საკითხისა, ჭიჭინაძეს ვკითხეთ, რას ფიქრობს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით? როგორც ,,ქართული ოცნების“ წევრი გვეუბნება, იმ შემთხვევაში თუ ქვეყანაში სამართლიანობა არ აღდგება, ვადამდელი არჩევნების ჩატარება გარდაუვალი იქნება.
,,ვთვლი, რომ თუ ჩვენ ახალი პროგრამით, ახალი კაბინეტით ვერ აღვადგენთ ნდობის ხარისხს, ვერ შევძლებთ სამართლიანობის აღდგებას და ,,ნაციონალები“ ისევ იპარპაშებენ ამ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება ვადამდელი არჩევენები, რადგან ნებისმიერ ხელისუფლებას სჭირდება თავიდან ლეგიტიმაცია იმის, რომ დაინახოს საზოგადოების რამხელა მხარდაჭერა გააჩნია“,_ გვითხრა ჭიჭინაძემ.
ცნობისთვის, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა თანამდებობა დატოვა. როგორც კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, პოსტის დატოვების ძირითადი მიზეზი ბიძინა ივანიშვილთან უთანხმოება გახდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის პოსტს ფინანსთა მინისტრი, მამუკა ბახტაძე გადაიბარებს.