დღეს დასაქმების ფორუმი გაიმართა ვარკეთილის მედიათეკაში, რომელშიც მონაწილეობა 15-მა კომპანიამ მიიღო და Worknet-ზე დარეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს 1500-ზე მეტი თავისუფალი სამუშაო ადგილი შესთავაზა.
ფორუმი სამგორის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევის შედეგად ჩატარდა.
სოციალური მომსახურების სააგენტომ ორგანიზება გაუწია დასაქმების ფორუმში სამგორის რაიონში მომუშავე მსხვილი და საშუალო დამსაქმებლების ჩართვას.
დასაქმების ფორუმზე ვაკანსიები წარმოდგენილი იყო მომსახურების, გაყიდვების, სამშენებლო და ტურიზმის სფეროებიდან.
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა დამსწრე საზოგადოებას დასაქმების სერვისებსა და ერთობლივი ღონისძიების მნიშვნელობაზე ესაუბრა. მარიამ ბეზარაშვილმა ფორუმზე მისულ მოქალაქეებს დეტალურად გააცნო პროგრამებში ჩართვის პროცედურები. საკრებულოს სამგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი დოხტურიშვილმა ერთობლივად ორგანიზებულ ფორუმზე და მოსალოდნელ შედეგებზე გაამახვილა ყურადღება. თავად კომპანიების წარმომადგნლებმა, კი მათი ვაკანსიები და მოთხოვნები პერსონალურად წარმოადგინეს.
ადგილზე მიმდინარეობდა მოქალაქეების რეგისტრაცია დასაქმების პორტალზე.
როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რეგისტრაციის შემდეგ სამუშაოს მაძიებლებს ყოველდღიურად, პერსონალურ მობილურ ნომერზე, განახლებული მონაცემები ეცნობებათ შრომის ბაზარზე გაჩენილი ახალი ვაკანტური სამუშაო ადგილების შესახებ.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ასევე აღნიშნავენ, რომ დასაქმების ფორუმი მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია სამუშაოს მაძიებელთა დასაქმების ხელშეწყობისათვის. ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს უმარტივებს წვდომას ვაკანსიებზე. ასეთ ფართომასშტაბიან ღონისძიებებზე სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ერთ სივრცეში, ერთდროულად გაეცნონ და აარჩიონ სხვადასხვა შეთავაზება რამოდენიმე დამსაქმებლისგან, ასევე, უშუალო კომუნიკაცია დაამყარონ პოტენციურ დამქირავებელთან.
შეგახსენებთ, რომ დასაქმების ფორუმები თბილისის სხვადასხვა უბნებში სხვადასხვა დროს ჩატარდა.
ამავე თემაზე:
სამუშაო ადგილები 15 ორგანიზაციისგან _ ჩუღურეთის რაიონში დასაქმების ფორუმი გაიმართა