ოზურგეთში სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბიროს პოლონელი მოხალისის პატრიკ ჟუკოვსკის ინიციატივითა და ორგანიზებით, პოლონური წარმოშობის გვარის მოქალაქეებს პოლონეთის კონსული საქართველოში გჟეგოჟ სტიკოვსკი შეხვდა.
შეხვედრაზე პოლონეთის კონსულმა შეკრებილებს იმ პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელსაც პოლონეთის სახელმწიფო პოლონური წარმოშობის მქონე პირთათვის ახორციელებს. როგორც აღმოჩნდა, სხვადასხვა შეღავათით სარგებლობისა და შესაძლებლობის გამოყენების მიზნით, საჭიროა, ადგილობრივმა პოლონელებმა ორგანიზაცია დააარსონ, რომლის ამოქმედებიდან სამი წლის შემდეგ, უკვე შესაძლებელი იქნება ქმედითი ნაბიჯების გადადგმა პოლონეთთან მიმართებაში. კონსულმა შეკრებილებს შესთავაზა ენის კურსებიც, რადგან აღნიშნულ პროცესში ენის ცოდნა აუცილებელი პირობაა.
როგორც შეხვედრაზე გახდა ცნობილი, გურიაში პოლონური გვარის 30-ზე მეტი ოჯახი ცხოვრობს.
“ჩვენი ბაბუა თავის დედასთან ერთად 1930 წელს ჩამოვიდა ოზურგეთში აქ დასახლდა. მწირი ინფორმაცია არსებობს ჩვენი გადმოსვლის თაობაზე, მაგრამ ვიცით ის, რომ იმ დროს ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო პოლონეთში, ზოგი გადაასახლეს და ზოგი კიდევ თავისით ტოვებდა ქვეყანას.
ბავშვობიდან მოყოლებული მქონდა ის შეგრძნება, რომ მქონდა მეორე სამშობლო. ყოველთვის გვინდოდა რაღაც კონტაქტი დამყარებულიყო, რადგან ჩემი წინაპრები პოლონეთიდან იყვნენ, _ გვითხრა მიშა ოსტროვსკიმ.