იუსტიციის მინისტრის გადაყენებასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ადასტურებენ მმართველ გუნდში, როგორც ფრაქცია „ქართული ოცნება – მრეწველების“ თავმჯდომარემ, სიმონ ნოზაძემ ,,გურია ნიუსს“ განუცხადა, იუსტიციის მინისტრის პოსტზე თეა წულუკიანის ყოფნა ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, ამიტომ, მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, წულუკიანმა მინისტრთა კაბინეტი დატოვოს, სიმართლეს არ შეესაბამება.
,,ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თეა წულუკიანი კომპეტენტური მინისტრია, უზარმაზარ საქმეს არის შეჭიდებული ევროსასამართლოში, სადაც დავა მიმდინარეობს რუსეთთან. როგორც მოვისმინე, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენი პოზიციები საკმაოდ მყარია, ამიტომ ამ ფუნქციიდან გამომდინარე, მისი მინისტრობა, ვფიქრობ, ძალიან საჭიროა. ამასთან, მგონია, რომ ის საკუთარ საქმეში საკმაოდ გამოცდილი ადამიანია“, _ გვითხრა ნოზაძემ.
ცნობისთვის, დღეს ოფიციალურად ცნობილი გახდა, რომ მინისტრთა კაბინეტს ტოვებენ _ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მიხეილ ჯანელიძე.
ამასთან, ჩვენი ინფორმაციის მიხედვით, თანამდებობას სხვა მინისტრებიც დატოვებენ.