ძლიერმა წვიმამ დედაქალაქის გარდა, პრობლემები რეგიონებშიც შექმნა.
სამაშველო ღონისძიებებს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი, ალექსანდრე ხვადაგიანი ხელმძღვანელობდა.
როგორც „გურია ნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში უთხრეს, ძლიერმა ნალექმა მცხეთა-მთიანეთსა და იმერეთში სახლების დატბორვა და გზების ჩახერგვა გამოიწვია.
„18 ივნისის 20 საათიდან 19 ივნისის 09:30-მდე სულ 441 გამოძახება შემოვიდა. 292 დედაქალაქიდან, ხოლო 149 რეგიონებიდან. 41 შეტყობინება მცხეთა-მთიანეთიდან, ხოლო 26 იმერეთიდან იყო. ძირითადი პრობლემები იყო წყალმოვარდნა, გზის ჩახერგვა, რამდენიმე მიმართულებით გზა დაზიანდა სოფლებში. მოქალაქეები სახლების დატბორვის გამო რეკავდნენ. დაიტბორა საცხოვრებელი სახლების 1-ლი სართულები და რიგ შემთხვევაში სარდაფები. მაშველები მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ გაწმენდით სამუშაოებს. მიმდინარეობდა სიტუაციის მონიტორინგი იმ ადგილებში, სადაც ძლიერი ნალექის გამო წყალმოვარდნის ან მეწყერის ჩამოწოლის საფრთხე არსებობდა, რომ შემთხვევის დაფიქსირებისთანავე გვემოქმედა და მომხდარიყო გზის გახსნა“, _გვითხრეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
ამავე თემაზე: